შოთა არველაძე: “რთულია, გუნდი ერთი თქმით შეცვალო, როცა ოთხი წელი ასე თამაშობ”
ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 11 ოქტომბერს, გლაზგოში გამართავს, სადაც შოტლანდის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით BBC-ის შოტლანდიის ბიუროს ჟურნალისტი შოთა არველაძეს გაესაუბრა.
“სიმართლე რომ ვთქვა, ეს არ არის საქართველოს ნაკრების საუკეთესო თაობა. ჩემი ფეხბურთელობის პერიოდში რამდენიმე კარგი მოთამაშე გვყავდა, რომლებიც ინდივიდუალურადაც გამოირჩეოდნენ: მე, ქეცბაია, ქინქლაძე. შემდეგ წლებშიც კარგი თაობა წამოვიდა. მაგალითად, ლევან კობიაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი.
ახლა ძალიან ცოტა კარგი ფეხბურთელი გვყავს. ნაკრებში ნამდვილად არის რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშე, თუმცა არა ბევრი, როგორც ეს ადრე იყო.
ყველას სურს, რომ ამ ბიჭებმაც ისევე ითამაშონ, როგორც ჩვენ ვთამაშობდით. ახლა გუნდი უფრო დაცვით ფეხბურთს უჩვენებს, რადგან ნაკლები შემოქმედი ფეხბურთელი გვყავს. სწორედ ამიტომაა, რომ მწვრთნელი გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებს”, – აღნიშნა შოთა არველაძემ.
არველაძემ თემურ ქეცბაიას შესახებაც ისაუბრა.
“ქეცბაია ძალზედ პოპულარული იყო. მისი დანიშვნის შემდეგ გუნდმა ერთი წელი წაუგებლად ჩაატარა. ეს მწვრთნელისთვის დიდი წარმატება იყო.
პირველ ეტაპზე ყველასთვის მისაღები იყო, რომ არ ვაგებდით, რადგან მანამდე უმეტესწილად მატჩებს სწორედ მარცხით ვასრულებდით. თუმცა, შემდეგ, როდესაც გუნდს გამარჯვებები სჭირდებოდა, მაინც დაცვით ტაქტიკას არჩევდნენ. დაცვითი ფეხბურთის გამო ხალხმა მწვრთნელის კრიტიკა დაიწყო.
შესაძლებელია, რომ განსხვავებული სიტუაცია იყოს, თუმცა ჩემი გამოცდილებით გეტყვით: როცა ოთხი წლის განმავლობაში ასე ვარჯიშობ და ასე თამაშობ, რთულია, ფეხბურთელებს უთხრა, რომ გავიდნენ მოედანზე და შემტევი ფეხბურთი აჩვენონ.
არა მგონია, საქართველოს ნაკრები შოტლანდიაში ძალიან გაიხსნას”, – აღნიშნა 41 წლის ქართველმა სპეციალისტმა.
შოთა არველაძე საქართველოსა და ირლანდის ნაკრებებს შორს თბილისში გამართულ მატჩსაც შეეხო:
“ირლანდია ჩვენზე უკეთ არ გამოიყურებოდა, რამაც გამაკვირვა. წაგებას არ ვიმსახურებდით, თუმცა იმ დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია. გლაზგოში მნიშვნელოვანი მატჩი გველს და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ”.
შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.