შოთა არველაძემ ფერნანდო რიქსენისადმი მიძღვნილ მატჩში ითამაშა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და თურქული „ქასიმფაშას“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ფერნანდო რიქსენისადმი მიძღვნილ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
არველაძე და რიქსენი ერთად გლაზგოს „რეინჯერსში“ თამაშობდნენ. გარდა ამისა, ჰოლანდიელი ფეხბურთელი თავის დროზე სიტარდის „ფორტუნას“, „ალკმაარისა“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ღირსებას იცავდა. ჰოლანდიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 12 მატჩი.
აღნიშნული გამოსათხოვარ-საქველმოქმედო მატჩი რიქსენის მეგობრებსა და სიტარდის „ფორტუნას“ შორის გაიმართა და ის ფერნანდოს გუნდმა ანგარიშით 5:2 მოიგო. არველაძემ, რა თქმა უნდა, რიქსენის გუნდში ითამაშა.
როგორც მოგახსენეთ, მატჩი საქველმოქმედო ხასიათისა იყო. გასული წლის ოქტომბერში რიქსენმა განაცხადა, რომ მას ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, რაც პროგრესიული, ხშირად ფატალური, ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. ფერნანდო რიქსენი ამჟამად 37 წლის გახლავთ.
შეხვედრის მთავარმა გმირმა ემოციური საღამოს ბოლოს ცრემლები ვეღარ შეიკავა. შოთას გარდა, მატჩში მონაწილეობა მიიღეს რონალდ დე ბურმა, მარკ ვან ბომელმა, ჯოვანი ვან ბრონკჰორსტმა, როი მაკაიმ, ნაჩო ნოვომ, დენი ლანძაატმა და სხვებმა.
ბექა დოგრაშვილი