შოთა არველაძე: “ახალი გამოწვევების დროა”
შოთა არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ეს ინფორმაცია თავად ქართველმა სპეციალისტმა დაადასტურა.
“სამი წლის შემდეგ, ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!” – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.
შოთა არველაძე “ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლიდან მუშაობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში გუნდთან ერთად ორ-ორჯერ მოიგო უზბეკეთის ჩემპიონატი (2019, 2020) და ქვეყნის თასი (2019, 2020), ერთხელ კი უზბეკეთის ლიგის თასს დაეუფლა (2019). 2019 წელს ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ფახთაქორი” გახდა უზბეკეთის პირველი კლუბი, რომელმაც ტრებლი მოიგო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ სპეციალისტს შემოთავაზებები ჩინური, არაბული, თურქული და ნიდერლანდური კლუბებიდან აქვს.