შოთა არველაძე: “წავალ თუ არა “კრასნოდარში”?”
18 სექტემბერს, ისრაელის ჩემპიონატში შოთა არველაძის გაწვრთნილმა “მაკაბიმ” სტუმრად “აპოელი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა მოგებულ თამაშზე კომენტარი გააკეთა.
“აპოელთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. სამი დღის წინ მძიმე მატჩი გვქონდა, რომელიც ჩვენთვის ძალიან ცუდი შედეგით დასრულდა. ამიტომ, დღევანდელი გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. “მაკაბის” წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ.”
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთი შესაძლოა, რუსულ “კრასნოდარში” ვიხილოთ მწვრთნელად. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა: “ბოლო დღეებში ჩემი გვარი “კრასნოდარს” დაუკავშირეს, ეს ჭორებია, მაგრამ რა თქმა უნდა ხმები ჩემამდეც მოვიდა. მხოლოდ “მაკაბიზე” ვარ კონცენტრირებული და მინდა ამ გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო.”