შოთა კაშია: “ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “ნეფთჩი” “ბურსასპორივით” დავამარცხოთ”
ბაქოს “ნეფთჩისთან” განმეორებითი მატჩის წინ “ჩიხურას” მცველმა შოთა კაშიამ azerisport.com-ის კითხვებს უპასუხა.
– პირველ შეხვედრაზე რას იტყოდით?
– ჩვენი მიზანი საკუთარი კარის მშრალად შენახვა იყო, რაც გამოგვივიდა კიდეც.
– ანუ მეტოქეს შიშით შეხვდით და მთელი მატჩის გატარება დაცვაში გადაწყვიტეთ?
– არა. ვთვლი, რომ ნორმალურად ვითამაშეთ. განმეორებით მატჩი ვეცდებით, რომ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.
– “ნეფთჩისგან” ასეთ თამაშს ელოდით?
– შეკრებაზე “ნეფთჩის” ორჯერ შევხვდით. პირველ მატჩში 3:2 მოვიგეთ, ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ჩვენი მწვრთნელი მოწინააღმდეგეს კარგად იცნობს. მან დავალება მოგვცა, ჩვენ კი ის შევასრულეთ.
– არ თვლით რომ “ჩიხურას” გაუმართლა?
– გოლის გატანის საშუალება ჩვენც გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქესაც გაუმართლა.
– თბილისური მატჩისგან რას ელით?
– ვიცი, რომ “ნეფთჩი” მეორე შეხვედრაშიც კარგად იასპარეზებს. თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.
– “ნეფთჩის” მოთამაშეები ამბობენ, რომ ისინი თბილისში დადებითი შედეგისთვის ჩადიან.
– გამარჯვება ჩვენ უფრო გვინდა.
– ასე რატომ თვლით?
– საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ. ბაქოში სტადიონზე საკმაოდ კარგი ატმოსფერო იყო, თუმცა თბილისში გაცილებით უკეთესი იქნება.
– “ნეფთჩის” “ბურსასპორის” ბედი ელის?
– დიახ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “ნეფთჩი” “ბურსასპორივით” დავამარცხოთ.