შოტლანდიის მწვრთნელი: „საქართველო სახიფათო მეტოქედ რჩება“
შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის გორდონ სტრაჩანის ერთ-ერთი თანაშემწე სტიუარტ მაკოლი საქართველოსთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ოპტიმისტურადაა განწყობილი. მაკოლის თქმით, გუნდს კონტინენტის პირველობაზე გასვლის იმედი არ დაუკარგავს.
„მართალია, უელსთან და სერბეთთან მარცხით დავიწყეთ, თუმცა შემდგომ ხორვატიას ამხანაგური მატჩი მოვუგეთ და მომდევნო შეხვედრებში თამაში გავაუმჯობესეთ. ირლანდია დავამარცხეთ და პოლონეთში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა დავუწიეთ.
ერთადერთი, რაც ახლა გაგვაჩნია, რწმენაა. როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე მოთამაშეებსა და გულშემატკვირებს, წარმატების მიღწევის გვჯერა. უბრალოდ, ჩვენთვის სასურველი შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, – თვლის მაკოლი.
გარდა ამისა, სპეცილისტმა ასევე საქართველოს ნაკრების თავკაცის კახა ცხადაძის შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიტომ გუნდმა, შესაძლოა, განსხვავებული თამაში და ტაქტიკა შემოგვთავაზოს.
საქართველომ პოლონეთთან 0:4 წააგო, თუმცა 89-ე წუთამდე მხოლოდ ერთბურთანი სხვაობით აგებდა, რის შემდეგაც რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთთრიკი შეასრულა. იმ შეხვედრაში ქართველებს გოლის გატანა შეეძლოთ. დიახ, მათ რამდენიმე მოთამაშე დაკარგეს, მაგრამ ეს გუნდი ჩვენთვის მაინც სახიფათო მეტოქედ რჩება“, – დაასრულა მაკოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ პარასკევს, 20:00 საათზე დაიწყება.