შსს აკადემია 20-წლამდელთა ჩემპიონია
2013-2014 წლების სეზონის 20-წლამდელთა ჩემპიონი შსს აკადემია გახდა, რომელმაც ქუთაისში ფინალური სერიის განმეორებით მატჩში 73:61 იმარჯვა, სერია 2:0 მოიგო და საჩემპიონო თასს დაეუფლა.
შეხვედრის 1-ელი ნახევარი მასპინძელთა მცირედი უპირატესობით წარიმართა, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ შსს აკადემიამ თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეტანა და 51:47 დაწინაურდა. დასკვნითი პერიოდი კვლავ აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა, ქუთაისელები მდევრის როლში იმყოფებოდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს გიორგი ნიკოლაძის გაწვრთნილები უფრო მობილიზებულნი აღმოჩნდნენ და საჩემპიონო თასიც დამსახურებულად ჩაიბარეს.
ქუთაისელებს 25 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი კი 13 ქულითა და 13 მოხსნით უჩა ამრეკლიძემ შეასრულა.
ჩემპიონთა შორის 22 ქულით საუკეთესო ლევან ლოლიშვილი იყო, ორმაგი დუბლის ავტორი გახდა შოთა გელაზონია – 21 ქულა, 16 მოხსნა, 17 ქულა კი გუნდს ერეკლე ლორთქიფანიძემ შემატა.
მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ჩემპიონი გუნდი მედლებითა და სიგელებით მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა დააჯილდოვა. ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის – რაჟიკო დარბაიძის სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო მცველისთვისაა განკუთვნილი, ლევან გრძელიძეს გადაეცა. საჩემპიონო თასი შსს აკადემიის გუნდის კაპიტანმა შოთა გელაზონიამ ჩაიბარა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
გიორგი ნიკოლაძე („შსს აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ მთლიანად შსს აკადემიის გუნდს ამ წარმატებას. მადლობა ბიჭებს მთელი სეზონის განმავლობაში ჩემი „გაძლებისთვის“. ვფიქრობ ეს გამარჯვება ნამდვილად გვეკუთვნოდა და წლევანდელ სეზონს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. შსს აკადემია მთელი ჩემპიონატის მანძილზე მობილური გუნდი იყო და ყოველთვის ფავორიტად ითვლებოდა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ასისტენტს დავით არეშიძეს და არჩილ ჟღენტს, რომლებიც ყველანაირად გვერდში მედგნენ და ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით.
რაც შეეხება თამაშს, ვიცოდით რომ ქუთაისში რთული იქნებოდა, მით უმეტეს რომ ლერი კვანტალიანი დაგვაკლდა, მაგრამ საბედნიეროდ საჭირო დროს შევიტანეთ მატჩში გარდატეხა და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ.
და ბოლოს, ამ გამარჯვებას პირადად ჩემს მეუღლეს მივუძღვნიJ
შოთა ჯავახიშვილი („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი): კარგი ფინალი იყო. მთელი სულითა და გულით ვულოცავ შსს აკადემიას ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ნამდვილად დამსახურებლად მოიგეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ვფიქრობ არც მეორე ადგილი უნდა იყოს ურიგო.
u-20.ge