შუმახერის ტრაგედიიდან ზუსტად ოთხი წელი გავიდა
უკვე ოთხი წელია, გულშემატკივრები მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ელოდებიან.
ზუსტად ოთხი წლის წინ, 2013 წლის 29 დეკემბერს ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას ბილიკიდან გადავიდა, ძირს დაეცა და თავი ქვას დაარტყა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა. მას შემდეგ გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ არაერთხელ ითქვა და დაიწერა, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია საჯაროდ მაინც არ ვრცელდება.
ამ პერიოდის განმავლობაში შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა ერთადერთი ფაქტობრივი ინფორმაცია გაასაჯაროვა: 2014 წლის ივნისში შუამხერი კომიდან გამოვიდა, რის შემდეგაც ის ლოზანის სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს. მოგვიანებით გერმანელი სახლში გადაიყვანეს, სადაც მას მეუღლე უვლის.
ავტოსპორტის არაერთმა წარმომადგენელმა მოუწოდა შუმახერის ოჯახს სრული სიმართლის გამჟღავნება, მაგრამ დუმილი დღემდე გრძელდება.