შუმახერმა წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა, რომელიც უკვე მესამე თვეა კომაში იმყოფება, წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო, რაც ექიმების შეშფოთებას იწვევს.
თუ 2013 წლის დეკემბრის თვეში შუმახერი 75 კილოგრამს იწონიდა, ახლა წითელ ბარონად წოდებული ავტომრბოლელი 20 კილოგრამით ნაკლებია. მართალია, შუმახერის ორგანიზმი მთელი ამ ხნის განმავლობაში დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს, თუმცა მისი ამჟამინდელი წონა ყველა ნორმას არღვევს.
„კომაში მყოფი პაციენტისთვის წონის კლება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ 20 კილოგრამის დაკარგვა ბევრია. უნდა ვივარაუდოთ, რომ უმოძრაობის გამო კუნთების მუშაობა მნიშვნელოვნად გაუარესდება“, – განაცხადა ავტორიტეტულმა გერმანელმა ექიმმა კურტ დიემმა „ბილდის“ ჟურნალისტთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ შუმახერი გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას დავარდა და თავის მძიმე დაზიანება მიიღო. გერმანელი ავტომრბოლელი გრენობლის კლინიკაშია მოთავსებული.
ბექა დოგრაშვილი