“შუქურას’’ გამონათება
თითქმის ერთდროულად დავიწყეთ თამაში ქობულეთის “შუქურაში’’ ავთო გორგილაძემ და მე. მერე ბათუმის “დინამოშიც’’ ერთად ვიყავით. საოცარი პარტნიორი იყო, შეუდარებელი – საგოლე სიტუაციაში. ხომ გახსოვს, მე ვურტყამდი ხოლმე თერთმეტმეტრიანს, ავთო კი, საჯარიმოს პენალტივით იყენებდა, ლურსმანივით არჭობდა ბურთს კარში. ახლო მეგობრობაც გვაკავშირებდა. ახლაც ჩემთან იყო “შუქურაში’’. ძალიან დაგვაკლდა მეგობრებს, ახლობლებს, ჩვენს ფეხბურთს, მთელ აჭარას“ – მოწყენილია ქობულეთის “შუქურას’’ პრეზიდენტი რეზო ჩელებაძე. მისივე სახელობის სტადიონზე ვართ – “ჩელე–არენაზე’’, საიდანაც წინა დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ავთანდილ გორგილაძე – ღირსეული, გამორჩეული პიროვნება…
სტადიონს კი, მზრუნველი პატრონის, მასპინძლის ხელი ეტყობა. ყველაფერი განახლებულია. ვატყობ, რომ კომპლიმენტები ესიამოვნა ჩემს ძველ მეგობარს – რეზო ჩელებაძეს.
– პირდაპირ გეტყვი, რომ ამ ერთ წლის განმავლობაში, რაც “შუქურას’’ პრეზიდენტი ვარ, ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობას გული მოუბრუნდა ფეხბურთზე. მოსვლისთანავე საორგანიზაციო პრობლემები მოვაგვარე – კარგი ფეხბურთელები მოვიწვიე, თანამოაზრენი გვერდით დავიყენე, აქაურობას ხომ ხედავ და – “შუქურაც’’ ათამაშდა. ქობულეთი გამოცოცხლდა, გახალისდა, ფეხბურთის სიყვარული აქ ხომ ტრადიციაა! ვერ დაგიმალავ, თავი არ დაგვიზოგავს არც მე და არც ასლან ბალაძეს, ვალია ჩხარტიშვილს, ავთო გორგილაძეს და საერთოდ ყველას, ვინც კი ფეხბურთს ვემსახურებოდით. ყოველ დღე, ამ სტადიონზე, რომელიც გატყობ რომ მოგეწონა, ვარჯიშობენ და თამაშობენ “შუქურა’’ და ჩვენი მეორე გუნდი, ასაკობრივი გუნდები, ბათუმის “დინამო’’. სავარჯიშოდ ბათუმიდან რამდენიმე სხვადასხვა რანგის და ასაკის გუნდებიც ჩამოდიან; ლანჩხუთის “გურიაც’’ აქ თამაშობს. ერთი სიტყვით, ამ მოედანზე სულ ფეხბურთია, დილიდან – დაღამებამდე!
– ძალიან კარგი! მაგრამ, ახლა რას ფიქრობ, ვისი იმედი გაქვს, ვინ გეხმარება?
– ტრიბუნების ერთი მონაკვეთი გადაიხურება და ორი ათას მაყურებელს წვიმა არ შეაწუხებს. ჩრდილოეთის მხარეს რეკლამები განთავსდება, დაიგება უმაღლესი ხარისხის სარბენი ბილიკები, ორივე კარის უკან პატარა მოედნებს გავაკეთებთ 6–12 წლის ბავშვებისათვის, გვექნება 900–ლუქსიანი განათებაც. აქვე, სტადიონთან 1100 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთიც გვაქვს, სადაც სასტუმრო აშენდება. სოფელ ბობოყვათში ორი ჰექტარი გამოგვიყვეს “შუქურას’’ საწვრთნელი ბაზისათვის. ქობულეთის ცენტრში ბავშვებისათვის მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი და მის სიახლოვეს პატარა, კოხტა, 100X60 ზომის მოედნით სტადიონი აშენდება. ისიც, რასაკვირველია – ბავშვებისათვის! ბუნებრივია, ეს გეგმა ქობულეთის ადმინისტრაციული სტრუქტურების დახმარებით და ხელშეწყობით განხორციელდება. დამერწმუნეთ, აქაური ბავშვების ოთხმოცდაათ პროცენტს ფეხბურთელობა სურს! რაც შეეხება “შუქურას’’, პირდაპირ გეტყვი – უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლებთ! როდის და მიმდინარე ჩემპიონატში! “შუქურა’’ კარგად თამაშობს, ზოგჯერ მართლაც შთამბეჭდავად და პირველ წრეს ხალისიანად დავამთავრებთ. მეორე წრისათვის კი, რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდებით. ჩემი და თანამოაზრეების ახირება არ გეგონოს, “შუქურას’’ ხომ ისეთი წარსული აქვს, რომ ვალდებულიცაა უმაღლეს ლიგაში ითამაშოს, რაც ქობულეთის ფეხბურთის ისტორიის ბუნებრივი გაგრძელება იქნება – ომახიანად, ახლა უკვე ღიმილით მეუბნება რეზო ჩელებაძე – და “გურია’’– ვიტ ჯორჯიას მატჩის სანახავად “ჩელე არენას’’ ტრიბუნაზე მეპატიჟება…
დავით ქლიბაძე
ქობულეთი, ნოემბერი
GFF.GE