შურისმაძიებელი
“ლივერპულის” შემტევ მოჰამედ სალაჰს 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარგად ახსოვს, უფრო ზუსტად – ცუდად. მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში მადრიდის “რეალის” მაშინდელმა მცველმა სერხიო რამოსმა ეგვიპტელ ფეხბურთელს ისეთი ტრავმა მიაყენა, რომ სალაჰმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და შესაცვლელი გახდა, მთავარი ლიდერის გარეშე დარჩენილი “ენფილდროუდელები” კი ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.
“რეალთან” წინა ფინალი ისე მახსოვს, თითქოს ის შეხვედრა გუშინ იყო. იმედი მაქვს, “ლივერპული” შურს იძიებს. ამ მატჩისთვის კარგად ვართ მომზადებულნი”, – ციტირებს სალაჰის სიტყვებს Goal-ი.
ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრა “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის 28 მაისს, “სტად დე ფრენსზე” ჩატარდება და მას კლემან ტიურპენი ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.