შვაინშტაიგერმა იტალიის ნაკრებს დასცინა – მატერაციმ გერმანელს უპასუხა
MLS-ში მოასპარეზე კლუბის, “ჩიკაგოს” ნახევარმცველს, ბასტიან შვაინშტაიგერს ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფავორიტის დასახელება სთხოვეს. გერმანელმა იხუმრა და ფავორიტად ის გუნდები მოიხსენია, რომლებიც წლევანდელ მუნდიალზე ვერ მოხვდნენ.
“ჩემი პროგნოზი? რთული სათქმელია, მაგრამ ვფიქრობ, იტალიასა და ჰოლანდიას მსოფლიო ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი აქვთ. რა თქმა უნდა ვხუმრობ”, – თქვა შვაინშტაიგერმა.
მალევე, შვაინშტაიგერის სიტყვებს სოციალურ ქსელში იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი, მარკო მატერაცი გამოეხმაურა და გერმანელს 2006 წლის მუნდიალის მატჩი გაუხსენა, რომელშიც “სკუადრა აძურამ” “ბუნდესნაკრები” 2:0 დაამარცხა.
“სვანსი, ჩვენ ისეთივე ფავორიტები ვართ, როგორც თქვენ 2006 წელს დორტმუნდში იყავით. გახსოვს, პიცა რომ ჭამე?” – წერს მატერაცი.