სიმეონე: “ატლეტიკო” გრიზმანს ჯაჭვით ვერ დააკავებს”
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გუნდიდან ანტუან გრიზმანის წასვლას არ გამორიცხავს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდულ კლუბს ფიფასგან ტრანსფერებზე დისკვალიფიკაცია აქვს დაწესებული და ფრანგი ფეხბურთელის წასვლის შემთხვევაში, ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში გუნდი მის შემცვლელს ვერ იყიდის.
“სპორტული დირექტორი ანტუანს გაესაუბრება და ერთად მიიღებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. გრიზმანი ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა მას ჯაჭვით ვერ დავაკავებთ”, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Goal.com-ი.
ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 18 გოლი გაიტანა.