სიმეონე: “გრიზმანი შემტევ გუნდში გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება”
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აღიარებს, რომ “როხიბლანკოს” სათამაშო სტილი ანტუან გრიზმანს საშუალებას არ აძლევს, ისეთ ფეხბურთელებს გაუწიოს კონკურენცია, როგორიც ნეიმარი, მესი და რონალდუ არიან.
“თუ ერთ დღეს გრიზმანი “ატლეტიკოს” დატოვებს და შემტევ გუნდში გადავა, ის გაცილებით უფრო კარგი და პროდუქტიული გახდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ყველასათვის ნათელია, რომ მას შეტევითი თამაში სჭირდება.
მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ გრიზმანი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც ჩემი მოსვლის შემდეგ უდიდესი პროგრესი განიცადეს. ისეთ გუნდებში, როგორიცაა “ბარსელონა”, “პარი სენ-ჟერმენი” და “რეალი” შემტევებს მხოლოდ შეტევაზე უწევთ ფიქრი, ჩვენთან კი დაცვის საქმეებსაც აგვარებენ. განსხვავება ნათელია.
ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ფეხბურთელები მიყვარს. თუ ფეხბურთელი ჩემთან მოვა და მეტყვის, რომ სხვა კლუბში გადასვლის საუკეთესო შანსი აქვს, მე მას გავუშვებ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ფეხბურთელი ისევე იხარჯებოდა გუნდისთვის, როგორც გრიზმანი,” – აცხადებს სიმეონე.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ბოლო დროს უცხოური მედია საკმაოდ აქტიურად ლაპარაკობს გრიზმანის მიმართ “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესზე.