სიმეონე: “წითელ ბარათამდე “მილანი” ჩვენზე უკეთესი იყო”
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ “მილანთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, მადრიდულმა კლუბმა “როსონერი” “სან სიროზე” 1:2 დაამარცხა. შეხვედრის 29-ე წუთზე, როცა ანგარიში მილანელთა სასარგებლოდ 1:0 იყო, ფრანკ კესიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. სიმეონე თვლის, რომ ამ ეპიზოდამდე მასპინძლები უკეთესად თამაშობდნენ.
“მატჩის დასაწყისში “მილანი” ჩვენზე უკეთესი იყო, ისინი ძალიან სწრაფად, დინამიურ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც მათ “ლივერპულის” წინააღმდეგაც დაგვანახეს. ბუნებრივია, წითელი ბარათის შემდეგ მილანელებმა ტერიტორის დათმობა დაიწყეს, ჩვენ თამაშში ჩართვა სწორედ ამ დროს მოვახერხეთ. მეორე ტაიმში მოედანზე უფრო მოტივირებულები გამოვედით, რათა გაგვეტეხა გუნდი, რომელიც კარგად ორგანიზებული იყო. ეს გამარჯვება ნამდვილად გვჭირდებოდა. ვაღიარებ, რომ 11 11-ის წინააღმდეგ, “მილანი” უკეთესი გუნდი იყო”, – განაცხადა სიმეონემ.