სინიშა მიჰაილოვიჩი ლეიკემიას ებრძვის
“ბოლონიას” მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა განაცხადა, რომ ის ლეიკემიას ებრძვის. სერბმა სპეციალისტმა ამის შესახებ საზოგადოებას დღეს, პრესკონფერენციაზე აცნობა.
მიუხედავად მძიმე დაავადებისა, მკურნალობის პერიოდში, მიჰაილოვიჩი “ბოლონიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.
“ამ დღეებში ბევრჯერ ვიტირე, მაგრამ არ მომწონს, როცა ვინმე მოდის და ჩემ მიმართ სიბრალულს გამოხატავს. მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ მე გამოვჯანმრთელდები. მე ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობ, ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც. ლეიკემიას დავამარცხებ”, – განაცხადა 50 წლის მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ მიჰაილოვიჩი მოთამაშის კარიერის დროს “რომას”, “სამპდორიას”, “ლაციოსა” და “ინტერის” ღირსებას იცავდა. მან სამწვრთნელო კარიერა “ინტერში” დაიწყო, სხვადასხვა დროს კი “კატანიაში”, “ფიორენტინაში”, სერბეთის ნაკრებში, “სამპდორიაში”, “მილანსა” და “ტორინოში” იმუშავა.