სინიშა მიხაილოვიჩმა “სპორტინგს” სასამართლო დავა მოუგო
“ბოლონიას” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა თავის ყოფილ დამსაქმებელ ლისაბონის “სპორტინგს” სასამართლო დავა მოუგო.
პორტუგალიურ კლუბს სერბი სპეციალისტის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით სამი მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. მიზეზი 2018 წლის ზაფხულში “სპორტინგის” თავკაცის პოსტიდან მიხაილოვიჩის მოულოდნელი გათავისუფლებაა.
შეგახსენებთ, რომ სინიშა მიხაილოვიჩი “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წლის 18 ივნისს დაინიშნა, ცხრა დღის შემდეგ კი კონფლიქტის გამო დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. სერბმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა, ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლა და საქმე მოიგო კიდეც.
როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის იანვრიდან სინიშა მიხაილოვიჩი “ბოლონიას” თავკაცობს. გასულ წელს სერბ სპეციალისტს ლეიკემია დაუდგინდა, რომელიც წარმატებით დაძლია.