“სიონი” “ბატეს” შეხვდა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბოლნისის “სიონმა” მეორე ტესტ-მატჩი გამართა. ამჯერად ქართულ გუნდს ცნობილი ბელორუსული კლუბი, ბორისოვოს “ბატე” დაუპირისპირდა.
მატჩის პირველი წუთები ნელ ტემპში მიმდინარეობდა. ბოლნისელები ბურთს კი ფლობდნენ, მაგრამ ამას ძირითადად საკუთარ ნახევარზე აკეთებდნენ და შეტევაში განსაკუთრებული ვერაფერი შექმნეს.
“ბატემ” კი საკუთარი შანსი გამოიყენა. საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთი ჯერ ხარიხას მოხვდა და შემდეგ შევარდა ბოლნისელთა კარში. ბელორუსებმა ეს არ იკმარეს და შესვენებამდე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ამჯერად “სიონის” კარი, მეკარესთან პირისპირ გასულმა მოთამაშემ აიღო.
მეორე ტაიმში ბოლნისელებმა თამაში გამოასწორეს და 71-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ქართულმა გუნდმა ვეღარ მოახერხა.