სიონი – ფლამურტარი: საქართველოში ევროსეზონი იწყება
ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბოლნისის “სიონი” ალბანნურ “ფლამურტარის” უმასპინძლებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ წილისყრაში “სიონს” გაუმართლა და განთესილი გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუსტი შეხვდა. “ფლამურტარი” გასულ სეზონში ალბანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე გავიდა. ევროსაგზური კი თასის მოგებით მოიპოვა.
ბოლნისური კლუბის მსგავსად ალბანურიც ევროასპარეზს მცირე შესვენების შემდეგ უბრუნდება. თუმცა, “სიონისგან” განსხვავებით “ფლამურტარის” მხოლოდ ერთწლიანი პაუზა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მატჩი ალბანურ კლუბს 2011 წლიდან არ აქვს მოგებული. 2009 წელს კი შოტლანდიურ “მოზერველთან” 8-1 წააგო.
“სიონთან” მატჩისთვის “ფლამურტარი” ორი ლეგიონერით გაძლიერდა. მომდევნო სეზონში ალბანური გუნდის ღირსებას დაიცავენ ბრაზილიელი მცველი დუგლას აუგუსტო და ჰოლანდიელი ფორვარდი ნასირ მააჩი.
დუგლასი საფეხბურთო კარიერას ბრაზილიურ “ბაიაში” იწეყბდა ბოლოს კი სერია С-ს წარმომადგენელ “ტრეზეს” შემადგენლობაში ასპარეზობდა.
ალბანელთა მეორე ახალწვეული “ზვოლეში” და “ლარნაკაში” ჩატარებული კარგი სეზონების შემდეგ ხვალ “სიონს” შეუტევს. ნასირ მააჩი მოროკოში ყოფილა დაბადებული, შემდეგ კი ჰოლანდიაში გადაბარგებულა და იქაური მოქალაქეც გახდა.
საპირისპირო ვითარებაა ბოლნისელთა ბანაკში. ფინანსური პრობლემების გამო “სიონმა” უცხოურ შეკრებაზე ვერ შესძლო გამგზავრება და ვერც შემადგენლობა გააძლიერა. “დილადან” გადმოსული გურეშიძის სახით გუნდს მხოლოდ ერთი ახალწვეული ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ “სიონი” დაცვის ლიდერმა, ვალერი აბრამიძემ დატოვა.
მოსამზადებელ ეტაპზე “სიონმა” სამი მატჩი გამართა. წააგო ცხინვალის “სპარტაკთან”, სომხურ “მიკასთან” ფრე ითამაშა და “ზესტაფონი” დაამარცხა.
იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ბოლნისელები მეტოქეს ღირსეულად შეხვდებიან და გამარჯვებაც მოიპოვებენ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასვლის წინაპირობა იქნება.