“სიონთან” მარიგი დაპირისპირების წინ
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. მიმდინარე წლის 16 მარტს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ესტუმრებიან.
ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 26 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 15 მოგება, 7 ფრე (საინტერესოა, რომ შვიდივეჯერ 0-0) და 4 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 31:9.
აქვე უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.
ბოლნისის “სიონთან” კვირას გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური