“სიონთან” მორიგი დაპირისპირების წინ
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 16 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.
ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეთერთმეტე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 29 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 16 მოგება, 8 ფრე და 5 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 33:11.
ზესტაფონელთაგან ბოლნისელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალსა და რატი წინამძღვრიშვილს გაუტანიათ – მარგველთა დღევანდელ კაპიტანს ოპონენტთა კარი 6-ჯერ აქვს აღებული. ხოლო რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშზე 5 გოლია. 2-2-ჯერ “სიონის” კარის ბადე ედიკ საჯაიას, თორნიკე აფციაურს და ზურაბ იონანიძეს შეურხევიათ.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში ერთხელ, კერძოდ გასულ სეზონში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის “სიონსა” და “ზესტაფონს” შორის 16 სექტემბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა განსჯის, 16:00 საათზე დაიწყება. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე ხვალინდელი მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი იგეგმება.
FCZestafoni.Ge