სისხლიანი გარჩევა ძიუდოს სამყაროში – თბილისში ვეტერანი ძიუდოისტი დაჭრეს
ქართულ ძიუდოში მიმდინარე დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. რადიო თავისუფლება იტყობინება, რომ 31 მაისს, გვიან ღამით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ფედერაციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს.
წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიჭრა, სამართალდამცავებმა კი ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამჟამად ის ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ უბანში ვეტერანი ძიუდოისტი სწორედ ლომერ ჟორჟოლიანმა დაჭრა. ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავდა, მათ შორის კი პატრულის თანამშრომლებიც იყვნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, ადგილზე იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, რომელმაც ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.