სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ სიჭინავამ გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ადამიანს უნდა ჰქონდეს გრძნობა, რომ ამოწურე შენი მაქსიმუმი. დამრჩა ორი საქმე, რომელიც მართლა მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ერთია ბაზის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და მეორე – მინდა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წამოვიღო საქართველოში. ამას გავაკეთებ და თავისუფალი ვიქნები. ფინალის წამოღება საქართველოში 4 ქალაქის ამუშავებას ნიშნავს: გორის, მცხეთის, რუსთავის და თბილისის. ეს არის მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვუყურებ. არ შემიძლია, რადგან რამდენიმე თვე დამრჩა, ხელები ჩამოვყარო. უფრო მეტად უნდა ვიაქტიურო, მეტი გავაკეთო, რადგან, ვინც ჩემ შემდეგ მოვა, მან უფრო მეტს მიაღწიოს”, – ციტირებს სიჭინავას სიტყვებს “პრაიმტაიმი”