“სიტი” ზაფხულში მესისა და ჰოლანის დამატებას აპირებს
“მანჩესტერ სიტი” დამდეგ ზაფხულს “ბარსელონადან” ლიონელ მესის, დორტმუნდის “ბორუსიადან” კი ერლინგ ჰოლანის დამატება აპირებს.
“ქალაქელები” გასულ წელსაც ცდილობდნენ არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას, მაგრამ მაშინ კატალონიურმა კლუბმა მესის გაშვებაზე უარი თქვა. ინგლისელებმა მის მიმართ ინტერესი შეინარჩუნეს და როგორც “დეილი მირორი” წერს, “მანჩესტერ სიტი” მესისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტია. როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის ფეხბურთელს “ბარსელონასთან” შრომითი ხელშეკრულება ოთხ თვეში ეწურება.
სერხიო აგუერო და გაბრიელ ჟეზუსი მიმდინარე სეზონში “ქალაქელთა” მთავარი მეგოლის ფუნქციებს ღირსეულად ვერ ასრულებენ და ინგლისელები ამ პრობლემის გადაჭრას გუნდში ერლინგ ჰოლანის მოყვანით შეეცდებიან.
20 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რომელსაც “სიტის” თავკაც ხოსეპ გვარდიოლასთან არცთუ კარგი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა “მანჩესტერ სიტიში” იმედოვნებენ, რომ ეს გარემოება აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაზე უარყოფითად არ აისახება.
წყაროს თანახმად, ინგლისური კლუბი ჰოლანის გარდა კიდევ ხუთ ალტერნატივას განიხილავს, მათ შორის მილანის “ინტერის” ფორვარდ რომელუ ლუკაკუს კანდიდატურასაც, თუმცა პრიორიტეტად მაინც ნორვეგიელი თავდამსხმელი სახელდება.