“სიტისა” და აგუეროს შორის კონტრაქტი გახანგრძლივდა
“მანჩესტერ სიტიმ” გუნდის კიდევ ერთ ლიდერს გაუხანგრძლივა კონტრაქტი. ამჯერად “ქალაქელებმა” ხელშეკრულება თავდამსხმელ სერხიო აგუეროს გაუგრძელეს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, არგენტინელი ფეხბურთელი “სიტიში” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
“მანჩესტერ სიტიში” გადმოსვლის პირველივე დღესვე გაჩნდა ჭორები ჩემი ესპანეთში დაბრუნების შესახებ. ხალხი ამ პროვოკაციას ეგებოდა, ყველა ინფორმაციას სერიოზულად იღებდა, თუმცა მინდა, დავარწმუნო “სიტის” ქომაგები, რომ გუნდში დავრჩები მანამ, სანამ კონტრაქტი არ ამოიწურება. ვცდილობ, რომ ყოველწლიურად უფრო კარგად ვითამაშო. გასული სეზონი უჩვეულოდ წარიმართა. ჩემთვის ორი ტიტული ცოტაა. მინდა, რომ თანაგუნდელებთან ერთად უფრო მეტს მივაღწიო.
“მანჩესტერ სიტი” განსაკუთრებული კლუბია. ქომაგები, სტადიონი, პერსონალი, ატმოსფერო, ინფრასტრუქტურა – ყველაფერი დიდებულია. უკვე მივაღწიეთ დიდ წარმატებებს, ბევრი ბედნიერი მომენტიც გამოვიარეთ, თუმცა აქ დარჩენის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ახალი ტიტულების დაუფლება მსურს. მინდა, რომ “სიტის” საუკეთესო წლები დავუთმო”, – სერხიო აგუეროს სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“მანჩესტერ სიტიმ” მანამდე შრომითი ხელშეკრულებები ალექსანდრ კოლაროვს, სამირ ნასრისა და ვენსან კომპანის გაუხანგრძლივა.