“სიტყვაძუნწი” ჰოლანდი ფეხბურთსა და რეპზე ალაპარაკდა
18 თვის წინ გაბრწყინების შემდეგ, ერლინგ ჰოლანდის ვარსკვლავი უფრო და უფრო კაშკაშებს. ერლინგმა თავი ჟურნალისტებთან “სიტყვაძუნწობით” გამოიჩინა, თუმცა ნორვეგიელმა ტალანტმა Soccerbible-ს ჟურნალისტების მიერ დასმულ საინტერესო კითხვებს გულდასმით უპასუხა.
– დავიწყოთ იმით, თუ როგორი ხარ მოედნის გარეთ. როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?
– ჰმმ… კარგი კითხვაა. ძალიან წყნარი ადამიანი ვარ, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვა, ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი და მათთან დიდ დროს ვატარებ. ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრება ვარჯიშისგან, პერფორმანსებისა და სიამოვნებისგან შედგება.
მე ვარ ის, ვისაც უნდა, რომ მუდმივად სიამოვნებას იღებდეს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ – მომღიმარი ბიჭი ვარ.
– ფეხბურთი რომ არა, რომელ სფეროში იმუშავებდი?
– ფეხბურთელი რომ არა, რეპერი ვიქნებოდი, არ მოგატყუებთ. დიახ, მინდა, რომ ერთ დღეს ნორვეგიის სათავეში ვიყო რეპერის რანგში. ჩვენს გუნდს Flow Kings ჰქვია, მე კი – ლინგი.
– მუსიკის რომელ ჟანრს უსმენ?
– ბევრ სხვაგვარ მუსიკას ვუსმენ. ცოტა რეპს, ცოტა კლასიკურ მუსიკას და ასე შემდეგ. მართლა ბევრ რამეს ვუსმენ. ალბათ, მომავალში რეპს უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმო…
– ფეხბურთის გარდა, სპორტის რომელ სახეობებს ადევნებ თვალს?
– ძირითადად ფეხბურთს ვუყურებ, სხვა არაფერს. ზოგჯერ ხელბურთის თამაშებსაც ვადევნებ თვალს, როდესაც ჩემი ქვეყნის გუნდი ასპარეზობს.
– ფეხბურთისა და მოდის გათვალისწინებით, არის რომელიმე მოთამაშე, რომელიც თავს მაღალ დონეზე წარმოაჩენს და შენს აღიარებას იმსახურებს?
– უფრო პატარა რომ ვიყავი, ასე ბევრ ფეხბურთელს ვაფასებდი. ზლატანი ჩემთვის ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუ. კრიშტიანუ რასაც აკეთებს, უბრალოდ დაუჯერებელია.
– პრემიერ ლიგაში რამდენიმე ნორვეგიელი ფეხბურთელი თამაშობს. თქვენც გიფიქრიათ ამაზე?
– ყოველთვის მინდოდა ტოპ-5 ჩემპიონატში თამაში. ახლა ვგრძნობ, რომ გერმანულ ბუნდესლიგას იდეალურად ვერგები.
– დორტმუნდში გადასვლაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, რატომ აირჩიე ეს გუნდი?
– ჩემთვის მთავარი ფეხბურთის თამაში და სიამოვნების მიღებაა. გუნდის არჩევისას მთავარი როლი გრძნობებმა ითამაშა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტია.
– გოლის ახალ აღნიშვნებზე ხომ არ ვარჯიშობ?
– ამას ყველანი ერთად ვნახავთ…