სიტყვის კაცი, რომელმაც თავისი საქმე უმაღლეს დონეზე იცის – დავით კერესელიძე!
2 დღის წინ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობამ ფანებთან შეხვედრა გამართა და გუნდის წარუმატებელ სტარტი განიხილეს.
“ტორპედომ” 3 მატჩში ერთხელ იმარჯვა და ორჯერ წააგო. ფანები გია ცეცაძის წასვლას მოითხოვდნენ და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.
მათ გუნდის ხელმძღვანელი დავით კერესელიძე შეხვდა. მეორე დღეს ფანკლუბის გვერდზე დაიწერა: “საუბარი იყო უამრავ თემაზე და შეგვიძლია გითხრათ, რომ კლუბი სასიკეთოდ გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას.
ასევე პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ თვეში ერთხელ შეხვდეს ფანებს მოუსმინოს მათ და გაუზიაროს თავისი შეხედულებები”
გარდა ამისა, სხვა ქუთათურებიც აქებენ კერესელიძეს ამ შეხვედრის შემდეგ და როგორც ჩანს, პროფესიით იურისტს ფანებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოუხდენია.
ვინ არის დავით კერესელიძე? კერესელიძე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორია და წლების განმავლობაში ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კითხულობდა. თსუს ბევრი კურსდამთავრებული აღნიშნავს, რომ კერძო სამართალი სწორედ მან შეაყვარა.
1 თვის წინ ვწერდით, რომ არაბიძის საქართველოში დატოვება ჩიხში შევიდა, თუმცა იურისტის დიდი დამსახურებით, არაბიძე “ტორპედოშია” და საბოლოოდ მოგვარდა დოკუმენტების საკითხიც.
კერესელიძე ბაზას ანახლებს, დავალიანებები გაისტუმრა და “ტორპედო” ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თურქულ შეკრებაზე იყო წასული. დღეს პრაქტიკულად სრულად აღმოფხრილია ფინანსური პრობლემები და პირიქით, არაბას სანაცვლოდ 200 ათასი იქნა გადახდილი.
როგორც ცნობილია, რექტორს არ უყვარს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და გულშემატკივარს პირდაპირ უთხრა, რომ გუნდის ფორმირებისთვის გეგმა ივნისის ბოლომდე არის დასახული და თუ იმ დროისთვის უარყოფითი შედეგები იქნება, ცვლილებები აუცილებლად მოხდება. თუ ზედიზედ წააგო “ტორპედომ” შეხვედრები, მაშინ უფრო მალე დადგება, თუნდაც მწვრთნელის შეცვლის საკითხი.
საბოლოო ჯამში, კერესელიძე თავისი საქმის პროფესიონალია და “ტორპედოშიც” დიდი გეგმებით მივიდა. ფორმაში მყოფი არაბიძე/პაპუნაშვილის დუეტს ეროვნულ ლიგაში, შეიძლება, ბადალიც არ ჰყავდეს. მნიშვნელოვანია, გულშემატკივრის მხრიდან მას მეტი დრო მიეცეს და შედეგიც აუცილებლად დაიდება.
ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ 1 წელიწადში:
- “ტორპედომ” მოიგო საქართველოს თასი
- “ტორპედო” ერთადერთი გუნდია, რომელიც ფეხბურთელებს ყიდულობს და არ ეძებს თავისუფალ აგენტებს
- დაიმატეს – 18 წლის ჩრდ.მაკედონეილი ტალანტი დაშმირ ელეზი და 20 წლის ნახევარმცველი “ფლამენგოდან” კაიკე დავიდ პერეირა.
- “ტორპედო” ახალ სეზონში ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი იქნება…