სკანდალი “ჩიხურაში” – ფეხბურთელებს ბაზაზე არ უშვებენ!
საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე საჩხერის “ჩიხურას” ხელმძღვანელობამ კლუბიდან 12 ფეხბურთელი გაათავისუფლა. გათავისუფლებული ფეხბურთელები კლუბს კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ და საკმაოდ მოულოდნელ განცხადებებს აკეთებენ.
გთავაზობთ ფეხბურთელების კომენტარებს, რომლებიც მათ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთეს.
გიორგი ღვინაშვილი:
“კლუბმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, რისი უფლებაც არ გააჩნია. ფინანსურ პრობლემას რომ თავი დავანებოთ, საუბარია ჩვენს პირადულზე, სახელსა და მომავალზე. კლუბი აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო გვათავისუფლებს. სინამდვილეში, ფედერაციაში და რამდენიმე ჟურნალისტთან არის მისული ინფორმაცია, რომ ჩვენი, კონკრეტულად ამ ფეხბურთელების გათავისუფლების მიზეზი არის “გაკეთებული თამაშები”. ამას ესენი [კლუბი] ვერ დაამტკიცებენ. ხელმძღვანლობა რჩება, ფეხბურთელებს აბრალებენ, რომ “თამაშები კეთდება” და ფეხბურთელები იცვლებიან.
ხვალ არის თამაში. კონტრაქტის მიხედვით, ვალდებულები ვართ, რომ გამოცხადდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბს უფლებას ვაძლევთ, რომ მათ შეწყვიტონ კონტრაქტი. ჩვენ ყველანაირი საშუალებით ვეცდებით.”
ლაშა ჩიკვაიძე (“ჩიხურას კაპიტანი”):
“დღეს ბაზაზე ნახევარი გუნდი ვიყავით. ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ საჩხერის პოლიციის უფროსთან ვიყავი დაბარებული. ავდივართ პოლიციელებთან და გვეუბნებიან, რომ “ჩიხურამ” კონტრაქტი გაგვიწყვიტა, ვერ ითამაშებთ და თამაშს ვერ ჩაშლითო. ჩვენ თამაშის ჩაშლის მიზანი არ გვაქვს.
კაკი ქიმერიძე:
“მივდივართ ბაზაზე და პოლიცია გვეუბნება, რომ უნდა გამოვიდეთ ბაზიდან. ასე არსად არ ხდება. ჩვენ მოქმედი კონტრაქტები გვაქვს და გათავისუფლების ფურცელზე ხელი არ მოგვიწერია. საკითხს ადამიანური ფაქტორით ვუდგებით. სასამართლოს რომ მივმართოთ, შეიძლება, ეს გუნდი საერთოდ დაიშალოს. ვარჯიშზე და მატჩზე რომ არ გამოვცხადდეთ, ჯარიმა დაგვეკისრება. ისინი რომ გვეუბნებიან, არ მოხვიდეთ, თამაშის ჩაშლას აპირებთ და დაგიჭერთო, ასეთი რამ არ შეიძლება. ბაზიდან რომ გამოგაგდებენ და საჭმელს არ გაჭმევენ… ახლა თანაგუნდელ ბესო დეკანოიძესთან 15 ფეხბურთელი ვცხოვრობთ. ჩვენთან ლეგიონერებიც არიან. ჩვენ ქართველები ვართ, შეიძლება რაღაც გავიგოთ, მაგრამ ლეგიონერი რომ ჩამოდის ბრაზილიიდან, კამერუნიდან, იტალიიდან, როგორ შეიძლება საქართველოს ასეთი სახელი დაუტოვონ? დასაძინებელი არ აქვთ.
“ჩიხურას” ხელმძღვანებლობის პოზიცია გადაცემაში “სპორტის საათი” თორნიკე შალამბერიძემ დააფიქსირა.
თორნიკე შალამბერიძე (“ჩიხურას” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი):
“კლუბში კატასტროფული სიტუაციაა. 5 ქულა გვაქვს მხოლოდ. ამასთან ერთად, კლუბში ფინანსური კრიზისია. ამ სიტუაციას ხელმძღვანებლობა მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეკიდა და გადავწყვიტეთ იმ ფეხბურთელებთან, ვისაც შედარებით მაღალი ხელფასები აქვთ, კონტრაქტები შეგვეწყვიტა. ჩვენ ვთავაზობთ მათ სატრანსფერო ფანჯრის დროს სამი თვის ხელფასის მიცემას, სანამ ისინი ახალ კლუბებს შეუთანხმდებიან. რამდენიმე ფეხბურთელი ამ პირობას დათანხმდა და კლუბიდან წავიდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში არავის დაგვიანებია ხელფასი. ჩვენ შევთავაზეთ ამ ფეხბურთელებს, რომ შესულიყვნენ კლუბის მდგომარეობაში. სპორტული შედეგიდან გამომდინარე, ვერ მოვიძიეთ ინვესტორი. სამ ფეხბურთელს შევუთანხმდით, დანარჩენები თავად გადაწყვეტენ, შეუძლიათ კლუბს უჩივლონ.”
“სპორტის საათის” ერთ-ერთ წამყვანის, ჟურნალისტ დავით ფრანგიშვილის თქმით, ამ საქმეში ე.წ. ძველი ბიჭების იყვნენ ჩარეულები. მისი ინფორმაციით, ფიზიკურად შეეხნენ “ჩიხურას” მწვრთნელს.