სკანდალი გერმანიაში: “ჰამბურგის” ფეხბურთელს საბუთების გაყალბებაში ედავებიან
გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა Sport Bild სკანადალურ ინფორმაციას აცხადებს. გამოცემა გამბიელ ფეხბურთელს არა მხოლოდ ასაკის, არამედ პირადობის დამადასტურებელი ინფორმაციის ფალსიფიცირებაშიც ადანაშაულებს.
ბაკერი ჯატა გამბიელი ფეხბურთელი გახლავთ, რომელიც 2015 წელს ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში აღმოჩნდა. ახალგაზრდა ( ან არც ისე) ფეხბურთელი სამშობლოში ობლად იზრდებოდა. მისი ქვეყანა ათწლეულების მანძილზე კრიზისულ მდგომარეობასი იმყოფება. არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას მაღალი სიკვდილიანობაც თან ერთვის. ბოლო 20 წლის მანძილზე ამ მიზეზებით გამბიე ყველა მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გავიდა.
ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, თუ რატომ გადაწყვიტა ბაკერიმ 2015 წელს სამშობლოს დატოვება. მან თავისივე ფეხით გადაკვეთა საჰარას უდაბნო (მსოფლიოს ყველაზე დიდი ცხელი უდაბნო) და ხმელთაშუა ზღვა. შედეგად ის იტალიაში აღმოჩნდა, საიდანაც გერმანიაში გადაბარგდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს გერმანელებმა აფრიკელ ლტოლვილებს კარები გაუღეს.
გერმანიაში მოხვედრისას ის ნიდერლანდების საზღვრის ახლობლად დააბინავეს, სადაც ბაკერიმ გერმანული და ინგლისური ენები შეისწავლა. მისი საფეხბურთო ნიჭი მალევე შეამჩნიეს მეზობელი ქალაქის, ბრემენის, სკაუტებმა. მას გარკვეული დრო მისცეს ახალგაზრდულ გუნდებში სათამაშოდ და შემდეგ კონტრაქტიც შესთავაზეს, თუმცა გამბიელმა ხელი არ მოაწერა. სამაგიეროდ გააფორმა კონტრააქტი “დინოზავრებთან”.
პირველად კითხვის ნიშნები მის ასაკთან დაკავშირებით 2016 წელს გაჩნდა, რასაც მისი ასაკთან შეუფერებელი თამაში იწვევდა. გარდა ამისა, ფეხბურთელმა გერმანიაში გადასვლისას საბუთების დაკარგვა მოიმიზეზა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს. გერმანიის კანონმდებლობის თანახმად ასაკის დადგენის ბიოლოგიური ტესტი მხოლოდ სრულწლოვნებს უტარდებათ მშობლების თანხმობის გარეშე, რაც კიდევ ერთ ბარიერს წარმოადგენს. შედეგად ჯატამ გასულ წელს მეორე ბუნდესლიგაში ითამაშა, თანაც კარგად (4 გოლი სასტარტოდან დაწყებულ 19 მატჩში) და კონტრაქტის გახანგრძლივებაც დაიმსახურა, 2024 წლამდე.
Sport Bild-ის გამოძიება
ზემოხსენებულმა გაზეთმა რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელობას მიმართა. Bild-ის წარმომადგენლები შეხვედრას ითხოვდნენ კლუბის დირექტორთან, ფეხბურთელთან და მის აგენტთან. უარის მიღების შემდეგ კი გადაწყვიტეს მათ მიერ გამოძიებული დეტალები გაესაჯაროვებინათ.
ოფიციალური ინფორმაციით ჯატა 1998 წლის 6 ივნისს დაიბადა და ახლა 21 წლის გახლავთ, თუმცა ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ გამბიელი ფეხბურთელის დაბადების რეალური წელი არის 1995. გარდა ამისა, ფეხბურთელის ნამდვილი სახელი ბაკერი დაფე გახლავთ.
რატომ გააყალბა პირადი მონაცემები? მიზეზი მარტივია, გერმანიაში მშობლების გარეშე შესულ არასრულწლოვანს გაცილებით უკეთ ეპყრობიან, ვიდრე სრულწლოვანს. მას სპეციალურ სასწავლებელში აგზავნიან და დიდი ალბათობით, იქ ცხოვრების უვადო უფლებასაც აძლევენ.