სკანდალი “იუვენტუსში”: რონალდუმ კლუბის ხელმძღვანელობასთან იჩხუბა
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდო უკმაყოფილო დარჩა იმ საკარანტინო ზომებით, რომელიც კლუბმას სანაკრებო პაუზამდე მიიღო.
“ბებერი სინიორას” ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც ფეხბურთელები ბაზის მახლობლად მდებარე სასტუმროში იზოლაციაში მოაქციეს. მოთამაშეებს ტესტირება ორჯერ ჩაუტარეს და ორივე შემთხვევაში ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა პროტოკოლის თანახმად, რამდენიმე დღის შემდეგ მათ შემოწმება მესამედ უნდა გაევლოთ.
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ იზოლირებაზე უარი თქვა, რადგან ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (0:0) სურდა თამაში. მეტიც, პორტუგალიელმა დებოში მოაწყო და კლუბის ხელმძღვანელებს თანაგუნდელების თანდასწრებით ეჩხუბა. ინციდენტის შემდეგ იზოლირებისგან რონალდუს გარდა “იუვენტუსის” არაერთი ლეგიონერი გაათავისუფლეს, მათ შორის – პაულო დიბალა, ხუან კუადრადო, დანილო, როდრიგო ბენტაკური და მერიჰ დემირალი.