სკანდალი: ქართველი მოჭიდავეები და დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატი (ფოტო)
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატთან და რუსეთის ნაკრების მწვრთნელ ძამბოლატ თედეევთან ერთად ფოტო გადაიღეს.
მოჭიდავეებს – გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობაშვილს, მწვრთნელ გიორგი იანტბელიძესა და ვეტერან მოჭიდავეს მამუკა არევაძეს რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული მაისურები აცვიათ. მაისურზე ძამბოლატ თედეევია გამოსახული. ასევე, ფოტოზე რუსეთის ნაკრების წევრები ჩანან, მათ შორის თედეევიც.
ძამბოლატ თედეევი ცხინვალშია დაბადებული. დე ფაქტო ოსეთის ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და ფრაქცია “რუსეთის პატრიოტების” წევრია.
სააგენტო On.Ge საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს დაუკავშირდა და გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 19 აგვისტოს, კონფლიქტის ზონიდან, ფრონის ხეობის სოფელ ნულიდან გენო პეტრიაშვილი უცხო პირებმა გაიტაცეს და ის სამი თვის ცხინვალის ტერიტორიაზე ჰყავდათ დამალული. საბოლოოდ, პეტრიაშვილი 25 ნოემბერს გაათავისუფლეს.