სკოლარიმ გერმანიასთან განცდილი კრახი გაიხსენა
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე განცდილი კრახი გაიხსენა. როგორც იცით, ბრაზილია მუნდიალის ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 განადგურდა.
“ჩვენ არ დავმარცხებულვართ იმის გამო, რომ ცუდად ვითამაშეთ. უბრალოდ რიგ მომენტებში კონცენტრაცია დავკარგეთ. წავაგეთ გერმანიის ნაკრების სიძლიერის გამო. არ მინდა თავის გამართლება დავიწყო, რაც ფეხბურთში ნორმალურია, მაგრამ ფაქტია, რომ მიზეზები არსებობდა.
საწყისი 10-15 წუთი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ გერმანია ანგარიშს გახსნიდა. შემდეგ კი შვიდ წუთში სამი გოლი გავუშვით. მწყობრიდან გამოვედით, შეცდა ერთი მეტოქე, შეცდა მეორე და ყველაფერმა სწორედ ამ შედეგამდე მიგვიყვანა. გერმანიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა და ყოველივე ეს თავის სასიკეთოდ გამოიყენა.
ეს ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კატასტროფა იყო,” – აცხადებს სკოლარი.