სკოტ პარკერი: “სერ ალექს ფერგიუსონმა დიდი წერილი გამომიგზავნა”
“ფულემის” დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სკოტ პარკერმა განაცხადა, რომ მას სერ ალექს ფერგიუსონმა დიდი წერილი მისწერა.
როგორც იცით, “ფულემი” ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-19 ადგილს იკავებს. კლუბის ხელმძღვანელობამ კლაუდიო რანიერი პოსტიდან გაათავისუფლა და მის პოზიციაზე 38 წლის სკოტ პარკერი დანიშნა, რომელსაც აქამდე მთავარ მწვრთნელად არსად უმუშავია.
“ძალიან მადლობელი ვარ, რადგან ასეთ ახალგაზრდა ადამიანს ამ პოზიციაზე მუშაობის საშუალება მომეცა. ბევრი მეგობარი არ მყავს, მაგრამ გუშინ ჩემ ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. სერ ალექს ფერგიუსონმა გამონახა დრო და დიდი წერილი გამომიგზავნა. მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ ხედავს სიტუაციას ახლა. ეს ნამდვილად დიდი მოტივაციის მომცემია”, – ციტირებს პარკერის სიტყვებს “ბიბისი”.
შეგახსენებთ, რომ პარკერი სხვადასხვა დროს “ჩელსის”, “ნიუკასლის”, “ვესტ ჰემისა” და “ტოტენჰემის” მოთამაშე იყო. მისი ბოლო კლუბი სწორედ “ფულემი” გახლდათ.