სლავკო მარიჩი: „მინდა გორელი გულშემატკივარი გავახარო“
როვნული ჩემპიონატის მეორე წრეში გორის „დილას“ სერბი მცველი სლავკო მარიჩი შეუერთდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა ჩვენი გნდის დაცვის მარცხენა ფლანგი გააძლიერა. სერბი ლეგიონერი „დილას“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო პერიოდში სტაბილურად ხვდება, აქტიურად ერთვება შეტევებში, სტანდარტებსა და საჯარიმოებსაც ხშირად ასრულებს.
სლავკო მარიჩმა „დილას“ პრესსამსახურს კლუბში არსებულ ვითარებასა და მის განვლილ კარიერაზე უამბო.
როგორ დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?
„ფეხბურთის თამაში შვიდი წლის ასაკში დავიწყე. დავიბადე პატარა ქალაქ ნოვა ვაროშში. პირველი გუნდი კი „ზლატარი“ იყო, რომლის შემდეგაც შვიდი წლის განმავლობაში ბელგრადში, ,,ჰაიდუკ ლიონის“ რიგებში ვირიცხებოდი. ბოლო პერიოდში რამოდენიმე კლუბში მომიწია თამაში, „დილაში“ გადმოსვლამდე კი ექვსი თვე ბერძნულ კლუბ „ლამიაში“ გავატარე.“
გორის ,,დილაში“ მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებით. ზოგადად თქვენი საფეხბურთო პრაქტიკიდან გამომდინარე რომელია სლავკო მარიჩის საყვარელი პოზიცია?
„ბოლო ექვსი წლის მანძილზე მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ, თუმცა ადრეულ წლებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც მიწევდა თამაში. მარცხენა მცველის ამპლუაში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ.“
როგორ გრძნობთ თავს კლუბში?
„გორის „დილაში“ თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ. კლუბში მოსვლისთავანე გუნდისგან სრული მხარდაჭერა ვიგრძენი. ფეხბურთელები ძალიან კარგად შემხვდნენ„
გვიამბეთ „დილაში“ არსებული ატმოსფეროს შესახებ?!
„კლუბში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ფეხბურთელების განწყობა მეგობრული და გუნდურია. კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები მხოლოდ ერთი მიზნის, „დილას“ წარმატებისკენ ვართ ორიენტირებული.“
რას იტყვით გუნდის მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის შესახებ?
„უჩა სოსიაშვილი ახალგაზრდა და ჩემი აზრით, საკმაოდ პერსპექტიული, ნიჭიერი და მიზანდასახუული სპეციალისტია. მას საქმისადმი საკმაოდ პროფესიონალური მიდგომა აქვს.“
გუნდთან ერთად რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა და მიზანი?
„ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტური რჩება. მე ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის მოგების საკმაოდ რეალური შანსი გვაქვს.“
გაიარეთ თუ არა ადაპტაცია კლუბთან და ქალაქთან?
„გორი პატარა, ძალიან მშვიდი და საინტერესო ქალაქია. აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. „დილამ“ ყველა პირობა შემიქმნა სწრაფი ადაპტაციისთვის.“
რას იტყვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის და გორის „დილას“ პოზიციების შესახებ?
„საქართველოში ფეხბურთს ძალიან ტექნიკურად თამაშობენ, თუმცა ინფრასტრუქტურული გაუმართავობა ფეხბურთის განვითარებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. რაც შეეხება „დილას“ პოზიციებს ჩვენ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდი ვართ და ამით ყველაფერი ნათქვამია.“
რაიმე მსგავსებას ხომ არ ხედავთ ქართულ და სერბულ ფეხბურთს შორის?
„საქართველოში როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, სერბეთში კი ყურადღება უფრო ძალისმიერ ფეხბურთს ექცევა.“
და ბოლოს, რას ეტყოდით გორელ გულშემატკივარს?
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ბოლომდე, თავდაუზოგავად გვიდგანან მხარში. სურვილი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს მათ სახეზე მხოლოდ ღიმილს ვხედავდე.“
„დილას“ პრესსამსახური