სლავოლიუბ მუსლინი: “თბილისში სამი ქულისთვის მივდივართ”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული გუნდი სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ “დინამო არენაზე” ჩაატარებს. სერბთა მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა განაცხადა, რომ მისი გუნდი თბილისში მოსაგებად ჩამოვა, თუმცა იქვე დასძინა, რომ სამი ქულის მოპოვება ადვილი საქმე არ იქნება.
“საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩი ამ შესარჩევ ციკლში ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ჩვენი მომდევნო შეხვედრა გახლავთ. სამი ქულის მოსაპოვებლად მივდივართ, მაგრამ ვიცით, რომ ეს იოლი არ იქნება. თითოეული ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია როგორც “პატარა,” ასევე დანარჩენ გუნდებთან. უელსშიც მოსაგებად გავემგზავრეთ, მაგრამ ქულის მოპოვება მხოლოდ მატჩის მიწურულს მოვახერხეთ.
ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან ძალიან კარგად თამაში შეგვიძლია, მაგრამ ჩვენზე სუსტ გუნდებთან ხანდახან წარუმატებელ შედეგს ვღებულობთ. ქართველების მენტალიტეტს კარგად ვიცნობ. რუსეთში მუშაობის დროს ბევრ ქართველთან მიმუშავია”, – მუსლინის კომენტარი სერბულმა პრესამ გამოაქვეყნა.
საქართველოსა და სერბეთის ნაკრებთა შორის შეხვედრა 24 მარტს, “დინამო არენაზე” ჩატარდება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.