სლუცკი: “ხვიჩას მამისა და აგენტის მხრიდან შექმნილი აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო”
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში საფეხბურთო ტაიმაუტი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
რუსმა სპეციალისტმა დეტალურად ახსნა, რა ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში ახალგაზრდა ფეხბურთელის გარშემო.
“მესმის, რომ ყველა ქართველ გულშემატკივარს აწუხებს მისი მდგომარეობა, თუ რა ხდება მის თავს. შეუძლებელია იმ აურზარს, რაც მის ტრანსფერთან დაკავშირებით იყო, გავლენა არ ჰქონოდა 20 წლის ახალგაზრდა წყმავილის ფსიქოლოგიაზე. ჩვენმა კლუბმა არაერთხელ განაცხადა, რომ შემოთავაზება არ მიგვიღია. იმაზე საუბარი, რომ “რუბინი” გადამეტებულ ფასს ასახელებდა, ეს თითიდან გამოწოვილი ტყუილია. არანაირი წინადადება არ გვქონია. მისი მამისა და აგენტის მხრიდან შექმნილი აჟიოტაჟი გადაჭარბებული იყო.
რაღაც მომენტში მას უბრალოდ დაავიწყდა ფეხბურთი და უფრო მეტს ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეიძლება მას მოუვიდეს, რა დონეზე უნდა გადავიდეს, ვისთან ითამაშოს. ფეხბურთი საკმაოდ სამართლიანი საქმეა და ის გარკვეულწილად, პასუხს სცემს ხვიჩას იმის გამო, რომ ბოლო თვეებში აღარ იყო ძველებურად თავდადებული. რაც შეეხება სამწვრთნელო სამუშაოს, ხვიჩას ესმის, რომ ტრანსფერი არ შედგა. გასაგებია, რომ მისი ემოციური გამოფიტვა მოხდა, ამას დაემატა ტრავმა, მოლოდინები, დიდი წნეხი, რომელიც ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს მის მომავალთან დაკავშირებით. ეჭვი არ მეპარება, რომ მაღალი დონის ოსტატი და შრომისმოყვარეა, მაგრამ ის უნდა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო საკუთარი ნაკრებისთვის და კლუბისთვის. ვფიქრობ, მას ძალიან უნდა იმის დამტკიცება, რომ ბოლო წარუმატებლობები მხოლოდ შემთხვევითობა იყო. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და მხარს ვუჭერთ.
ხვიჩა მაქსიმალურად ეფექტურია მაშინ, როცა ფიზიკურად და მენტალურად ჯანმრთელია. ასე გამოვიდა, რომ ბოლო დროს ის არ იყო მენტალურად თავისუფალი და აღარ ფიქრობდა მხოლოდ ფეხბურთზე.
ყველას გვინდა, რომ ის თავის წინა დონეს დაუბრუნდეს. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მივცე – ის უნდა დაუბრუნდეს ფეხბურთს. ადრე, ის გვიანობამდე იყო ბაზაზე, მუშაობდა, ვარჯიშობდა, დამატებით წვრთნებზე რჩებოდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დავინახე, რომ დამატებით ინდივიდუალურად აღარ ვარჯიშობს და ის ფანატიზმი, რომელიც მას ჰქონდა, უკვე აღარ ჩანს. ესეც ნორმალურია, ყველაფერი იცვლება. მას მშვენივრად უნდა ესმოდეს, რომ ფეხბურთი ყველაზე სამართლიანი თამაშია. თუ რამე ხდება შენს თავს, საკუთარ თავში უნდა მოიძიო პასუხები.
შემიძლია გითხრათ, რომ ის ბევრად უფრო მტკივნეულად აღიქვამს ქართული საზოგადოების, ქართული პრესის კრიტიკას, ვიდრე – რუსულის. ხვიჩა ძალიან მიბმულია თავის სამშობლოსთან და ის ამაყობს, რომ საქართველოს ნაწილია. მას უნდა თამაში ეროვნულ ნაკრებში. ჩვენ შეგვიძლია ის რუსული პრესის კრიტიკისგან დავიცვათ, მაგრამ ქართული საზოგადოების კრიტიკისგან ვერ დავიცავთ, რადგან ენობრივი ბარიერი არსებობს. საქართველოში ბევრი ამბობდა, რომ თითქოს ის არ გადავიდა სადღაც ან ვერ გადავიდა და ეს ფულთანაა დაკავშირებული, რაც ხვიჩას სწყინდა. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და სამშობლო.
როცა ის თავის საუკეთესო მატჩებს ატარებდა, ნებისმიერ დონეზე შეეძლო თამაში, მაგრამ ბოლოდროინდელი ფორმით ის ყაზანის “რუბინის” სასტარტო შემადგენლობაშიც კი ვერ ითამაშებს. ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, არ უნდა ფიქრობდნენ საკუთარ ამბიციებზე და უნდა ფიქრობდნენ ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის მომავალზე. ჩვენს კლუბს ხვიჩას წასვლის შესახებ კომენტარი არასოდეს გაუკეთებია. მას ვიცნობთ, როგორც ბრილიანტს, რომელსაც მტვერი უნდა მოვაშოროთ და არ უნდა მივცეთ ვინმეს მისი ჭუჭყში გარევის უფლება.
კვარაცხელიას გარემოცვასა და ქართველ გულშემატკივრებს მოვუწოდებ, წნეხის გრადუსი დაწიონ და არ შეუშალონ ხელი, რადგან ის ახალგაზრდა მოთამაშეა. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ხვიჩას ნიჭი მაქსიმალურად გაიხსნას და ყველას გასახარად, ის თამაშობდეს სადღაც დიდ გუნდში. ყველაზე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩავრთავ ტელევიზორს და მას რომელიმე წამყვანი გუნდის მაისურით დავინახავ”, – განაცხადა სლუცკიმ.