სლუცკის რჩევა ხვიჩას: “ატალანტა”, “სევილია” ან “ბაიერ ლევერკუზენი”
“რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. სლუცკის აზრით, ქართველი ტალანტი საშუალო დონის ევროპულ კლუბში უნდა გადაბარგდეს.
“ხვიჩა “მილანსა” და “იუვენტუსში” თამაშისთვის მზად არის, თუმცა ვთვლი, რომ ხვიჩა საშუალო დონის კლუბში უნდა გადავიდეს. მან უნდა იპოვოს საშუალო დონე რუსეთის პრემიერ ლიგასა და ევროპის ტოპ-კლუბებს შორის. ასაკი მას ამის საშუალებას აძლევს, ისევე როგორც თამაშის დონე.
ხვიჩას ადგილას რომ ვიყო, “სევილიაში”, “ატალანტაში” ან “ბაიერში” გადავიდოდი. ხვიჩა გიჟურად არის შეყვარებული ფეხბურთზე და თუ მას სათამაშო დროს არ მისცემენ, შიგნიდან დაიწვება. ისე მოხდება, თითქოს პატარა ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვეს. შესაძლოა, ეს გრძნობები გაუქარწყლდეს.
ხვიჩა ისეთ კლუბში უნდა გადავიდეს, სადაც გარანტირებული სათამაშო დრო ექნება. არა მგონია, “მილანსა” და “იუვენტუსში” ძირითადში ადგილის გარანტირებული ჰქონდეს.
ის ნებისმიერ ქვეყანას მოერგება. ქვეყნებს უკვე აღარ აქვთ განსხვავებული სათამაშო სტილი. საუკეთესო ჩემპიონატებში კრეატიულობას აქცევენ ყურადღებას. შემიძლია გითხრათ, როგორი სტილის კლუბში უნდა წავიდეს, თუმცა რომელი ჩემპიონატი იქნება უმნიშვნელოა.
კვარაცხელია უნდა გადავიდეს ისეთ გუნდში, რომელშიც შეცდომების დაშვების საშუალებას მისცემენ. ისეთი გუნდი სჭირდება, სადაც 10-ჯერ მოიგებს და 5-ჯერ დამარცხდება. მისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდეს,” – აცხადებს რუსი სპეციალისტი.