სნეიდერი: “ინტერისთვის” გამარჯვების დრო დადგა”
მილანის “ინტერის” ყოფილი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი მიიჩნევს, რომ დრო დადგა, გუნდმა ტიტული მოიგოს. ჰოლანდიელი თვლის, რომ “ნერაძურის” წელს იტალიის თასის მოგება შეუძლია, თუმცა სკუდეტოს დასაკუთრებამდე ჯერ კიდევ შორს არის.
შეგახსენებთ, რომ “ინტერს” თასის ნახევარფინალურ ეტაპზე მეტოქედ “ნაპოლი” ჰყავს. წყვილის პირველი შეხვედრა მილანში გაიმართა და ის ჯენარო გატუზოს გუნდმა ანგარიშით 1:0 მოიგო. საპასუხო მატჩი 13 ივნისს არის ჩანიშნული. რაც შეეხევა სერია A-ს, “ინტერს” სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია უკავია, ლიდერებთან შედარებით ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და პირველადგილოსან ტურინის “იუვენტუსს” 13 ქულით ჩამორჩება.
“იმედი მაქვს, რომ “ინტერი” იტალიის თასს მოიგებს. ვფიქრობ, გამარჯვების დრო დადგა.
სერია A-ში საქმე ბევრად რთულადაა. “იუვენტუსი” აშკარა ფავორიტის როლში ყოფნას აგრძელებს. ტურინელებს ლიგაში საუკეთესო გუნდი ჰყავთ და ყოველწლიურად ვითარდებიან.
გგონია, რომ “იუვენტუსის” ჰეგემონია დასასრულეს უახლოვდება, თუმცა შემდეგ მათ მოჰყავთ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც გამარჯვებისთვის შესაფერის მოტივაციას პოულობენ”, – ციტირებს სნეიდერის სიტყვებს Football Italia.