სნეიდერმა მეგან ფოქსთან და ჯორჯ კლუნთან გატარებული დრო გაიხსენა
მილანის “ინტერისა” და ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, უესლი სნეიდერმა, ჯორჯ კლუნთან და მეგან ფოქსთან გატარებული დრო გაიხსენა.
“ვამაყობ ჩემი თამაშით, ჩემი შედეგებით. ნიდერლანდების ნაკრების რეკორდსმენი ვარ ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩით (134). გარდა ამისა, კარგად ვიცხოვრე და ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკვე 76 წლის ვარ.
ერთ დღეს ძალიან მძიმე ნაბახუსევზე ვიყავი, არმანის შოუზე ყოფნის შემდეგ. იმ საღამოს ჯორჯ კლუნი და მეგან ფოქსიც ესწრებოდნენ ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად. სახლში დილის 6 საათზე მივედი, არადა მომდევნო დღეს ჩემპიონთა ლიგაზე “ვერდერთან” გვქონდა სათამაშო,” – ციტირებს სნეიდერის სიტყვებს De Telegraaf.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს სნეიდერმა “ვერდერის” წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა.