სოლომონ კვერკველია: “თბილისში მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა”
საქართველოს ნაკრების და “რუბინის” მცველმა სოლომონ კვერკველიამ Championat.ru-ს ინტერვიუ მისცა. საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
– ფეხბურთის თამაში როგორ დაიწყეთ?
– მამაჩემი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, დედას კი უნდოდა, რომ მესწავლა. თუმცა, მე ბურთი ავირჩიე. საქართველოში ძალიან ბევრი ფეხბურთელია, თუმცა პროფესიონალების ნაკლებობაა. ჩემს შემთხვევაში დიდი როლი რევაზ ჩელებაძის გაცნობამაც ითამაშა, რომელიც ჩემი აგენტი გახდა.
– მშობლებს ამის გამო არ უჩხუბიათ?
– არა, იმიტომ რომ ყოველთვის ვიცავდი რეჟიმს და ვარჯიშებზეც ბოლომდე ვიხარჯებოდი. ბავშვობიდან ჩემი მთავარი სათამაშო ბურთი იყო და დედაც შეეგუა ამ გატაცებას. ბოლოს იმასაც მეუბნებოდა, რომ ცხოვრებაში მთავარი ფეხბურთია. დედა ჩემი ნამდვილი მეგობარია და მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.
– როდის დაგჭირდა მშობლების მხარდაჭერა ყველაზე მეტად?
– 15 წლის ასაკში სამტრედიიდან თბილისში წავედი, რათა ბედი ერთ-ერთი დედაქალაქურ კლუბში მეცადა, მაგრამ იქ მითხრეს, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და პროფესია უნდა შემეცვალა. სახლში დავბრუნდი და დედას ვუთხარი, რომ ფეხბურთს აღარ ვითამაშებდი. სწორედ ამ დროს ვიგრძენი მშობლების მხარდაჭერა და გვერდში დგომა ყველაზე მეტად.
– “ზენიტში” თქვენი შესაძლებლობლები ღირსეულად შეაფასეს?
– რუსეთში ჩასვლისას რუსულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. დუბლშემადგენლობის მწვრთნელი ანატოლი დავიდოვი ძალიან დამეხმარა. მას ჩემი არ ესმოდა, მაგრამ იცოდა თუ რისი მიღწევა მსურდა. მას დიდი მადლობას ვუხდი. “ზენიტში” წელიწადნახევარი გავატარე, მაგრამ პეტერბურგელებმა საკუთარ შემადგენლობაში ჩემი ხილვა არ ისურვეს. საბედნიეროდ ამ დროს “რუბინის” ვარიანტი გამოჩნდა.
– ყაზანში თქვენი კარიერა კარგად წაიმართა და მალევე სადებიუტო მატჩი ჩაატარეთ. ძალიან ნერვიულობდით?
– კარგად მახსოვს… ყურბან ბერდიევმა დამიძახა და მითხრა, რომ “ტერეკთან” ვითამაშებდი. გამოცდილება არ მქონდა, თუმცა თავის გამჩენის დიდი სურვილი იყო. არაფრის არ მეშინოდა. უბრალოდ ჩემი მიზნისკენ მივდიოდი. იმ სეზონში 8 შეხვედრა ჩავატარე და “რუბინმაც” 3-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა.
– “ლიონთან” შეხვედრის დროს წარუმატებელი ვარდნა ავტოგოლით დასრულდა… რა იგრძენით იმ ეპიზოდში?
– არანაირი ავტოგოლი არ ყოფილა. კარის მიმართულებით არ დამირტყავს, უბრალოდ ბურთი უხერხულად მომხვდა და კარში შევარდა. ისე კი ფეხბურთის უამრავ მსოფლიო დონის ვარსკვლავს აქვთ ავტოგოლი გატანილი. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ…
– “რუბინის” შემადგენლობაში პირველი გოლი “ამკარს” გაუტანეთ. კარგად გახსოვს?
– დიახ, ის შეხვედრა წავაგეთ მიუხედავადა იმისა, რომ 84-ზე ანგარიშის გათანაბრება შევძელი. ლამაზი გოლი გამოვიდა. გოლების გატანა მიყვარს და იმედია ამას ხშირად გავაკეთებ.
– 2012 წელს თამაში ნაკლებად გიწევდათ და ალბათ გულიც გწყდებოდათ…
– ვიცოდი, რომ გუნდში ბევრი ძლიერი მცველია – ბოკეტი, ნავასი, შარონოვი. შემდეგ კი მარკანოც ჩამოვიდა. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავრჩი და ბერდიევს იჯარით გაშვება ვთხოვე. საბოლოოდ “ნეფტექიმიკში” აღმოვჩნდი. იქ პირველი წრის ყველა თამაში ჩატარე და ბერდიევმაც მალევე უკან დამაბრუნა.
– ამის შემდეგ ნაკრებშიც გამოგიძახეს. სანაკრებო მეტოქეებიდან ვის გამოარჩევდით?
– ლევანდოვსკი. ის საოცარი ფორვარდია, ნამდვილი მანქანა.
– საქართველოში 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერად და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდით. ელოდით მოვლენათა ასეთ განვითარებას?
– სიმართლე რომ გითხრათ ერთ-ერთი პრიზის აღებას ველოდი. სეზონი კარგად ჩავატარე. ძალიან ბედნიერი ვარ და ეს აღიარება ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ასევე მინდა ავღნიშნო ჩემი კონკურენტების კარგი თამაში. ოქრიაშვილი და კანკავა შესანიშნავი ფეხბურთელები არიან.
– ბოლო დროს მოსკოვის “დინამოს” ინტერესზე ბევრს საუბრობენ. მზად ხართ მოსკოვში გადასაბარგებლად?
– ინტერესის შესახებ მსმენია, მაგრამ კლუბიდან პირადად მე არავინ დამკავშირებია. რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როცა შენი თამაშით მოსკოვური კლუბები ინტერესდებიან, თუმცა “რუბინში” ბედნიერი ვარ და ოფიციალურ წინადადებამდე ამ თემაზე საუბარი არ მსურს.
– რამოსი, პიკე თუ გოდინი?
– ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი სერხიო რამოსია.
– ლობიო, ჩახოხბილი თუ საცივი?
– საუკეთესო კერძი ხინკალია. ყაზანში ერთი ძალიან კარგი რესტორანია, სადაც ხშირად დავდივარ.
– ღვინო, ლუდი თუ წვენი?
– ვისკი და კოლა. ისიც ძალიან იშვიათად… საახალწლოდ ან დაბადების დღეზე.