სოსიაშვილი: “ამ მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ვატარებთ, რაც დამატებითი მოტივაციაა”
ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობის მხრივ გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ.
“რაც შეეხება გულშემატკივარს, მათ მოწოდება არ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის სტადიონის გაივსება. ისტორიული ფაქტია ის, რომ გორის “დილა” მსგავსი მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ატარებს, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე უჩა სოსიაშვილმა.
გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.