სოსლან ნანიევი – ცხინვალის “სპარტაკის” მომღერალი მეკარე
სოსლან ნანიევი “სპარტაკში” მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა და ჩემპიონატის პირველ ეტაპზე რამდენიმე მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, რუსეთის პასპორტის მქონე მეკარეს მეორე წრეში ტრავმის გამო პრობლემები შეექმნა და თამაშების დიდი ნაწილი გაუცდა. სოსლანს სახლში ვესტუმრეთ და მის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალიც გავიგეთ. საუბარი 24 წლის მეკარის ბიოგრაფიული დეტალების გარკვევით დავიწყეთ.
– გურჯაანში დავიბადე, თუმცა ომის დროს ვლადიკავკაზში გადავსახლდით ოჯახთან ერთად. მაშინ ორი თვის ვიყავი. ამის შემდეგ 9 წლამდე ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებდი. დედაჩემი წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდან არის, მამაჩემი კი კახეთიდან. ამიტომ, საქართველოსადმი სიყვარული ყოველთვის მქონდა.
ვლადიკავკაზიდან საცხოვრებლად მოსკოვში წავედით, სადაც “სპარტაკის” სკოლაში ვთამაშობდი ფეხბურთს.
– პროფესიონალური კარიერა სად დაიწყე?
– პირველი კონტრაქტი “ალანიასთან” 17 წლის ასაკში გავაფორმე, სადაც ორ წელიწადზე მეტი გავატარე. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შევძელი და ძირითადად დუბლშემადგენლობაში მიწევდა თამაში.
“ალანიას” შემდეგ იყო პიატიგორსკის “მაშუკი” და სტავროპოლის “დინამო”. საქართველოში ჩამოსვლამდე კი, ნოვოროსისკის “ჩერნომორეცის” ღირსებას ვიცავდი ერთი სეზონის განმავლობაში.
– “სპარტაკში” როგორ მოხვდი?
– საქართველოში უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედი, აქ 1999 წლიდან არ ვყოფილვარ. ჩემი ნათესავი ამ დროს “სპარტაკში” თამაშობდა და ისე მოხდა, რომ კლუბს მეკარე სჭირდებოდა და რამდენიმე ვარჯიშის და ერთი ამხანაგური მატჩის შემდეგ “სპარტაკში” კონტრაქტი შემომთავაზეს.
– სიმბოლურია, რომ “სპარტაკის” ფეხბურთელი ხარ. რას ნიშნავს შენთვის ცხინვალის კლუბის ღირსების დაცვა?
– საქართველო საფეხბურთო თვალსაზრისით თბილისის “დინამოსთან” ასოცირდება და ეს კლუბი ისტორიით, ტრადიციებით და ტიტულებით ყველა ქართულ გუნდზე დომინირებს.
თუმცა, “სპარტაკში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ გუნდის სახელით ასპარეზობა. ვამაყობ, რომ ცხინვალის “სპარტაკის” ფეხბურთელი ვარ.
– უმაღლესი ლიგის დონეზე რას იტყოდი?
– ჩემპიონატი მომეწონა. ფეხბურთისადმი აქ სწორი მიდგომაა. რუსეთში ყველაფერს ფული წყვეტს და აქცენტი ძალისმიერ ფეხბურთზეა, რაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
– “სპარტაკის” ასპარეზობას როგორ შეაფასებდი? ჩემი აზრით, თქვენს გუნდში არსებული კონტინგენტით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა…
– გეთანხმები. ჩემპიონატი ძალიან ცუდად დავიწყეთ. შეიძლება ითქვას, რომ გუნდში დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. თუმცა, კახი კაჭარავას მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მასთან მუშაობით კმაყოფილი ვარ. გარდა კარგი საფეხბურთო ცოდნისა, მას შესანიშნავი პიროვნული თვისებებიც ახასიათებს. “სპარტაკისთვის” მიმდინარე სეზონში გადამწყვეტი მომენტი სწორედ სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილება იყო, რომლის შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა. ჩემს პარტნიორ ნადირაძეზეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანი და მეკარეა.
– უმაღლესში მოასპარეზე სხვა გუნდებიდან რომელს გამოარჩევდი?
– ტრავმის გამო მეორე ეტაპზე საერთოდ არ მითამაშია, ამიტომ უფრო ნათელი შთაბეჭდილება პირველი წრის მიხედვით შემექმნა.
ძალიან მომეწონა “დინამოსთან” გამართული მატჩი. რა თქმა უდნა, საშემსრულებლო ოსტატობით ისინი ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან, თუმცა “დინამო” მეტოქესაც აძლევს თამაშის საშუალებას. ასევე გამოვარჩევდი “ტორპედოს” და “ზესტაფონს”.
თუმცა, ნეგატივზეც უნდა ვთქვა. პირველ რიგში ეს სტადიონების მდგომარეობას ეხება, რომელიც უკეთესის სურვილს ტოვებენ.
– ახლა როგორია შენი ჯამრთელობის მდგომრეობა?
– საბედნიეროდ ახლა უკვე ყველაფერი კარგად არის. ტრავმა აღარ მაწუხებს და დიდი ალბათობით ბოლო ტურის მატჩში თამაშს მოვახერხებ.
– თბილისურ ცხოვრებაზე რას იტყოდი?
– თბილისი ძალიან თბილი და ევროპული ტიპის ქალაქია. რა თქმა უდნა, პრობლემებიც არის, თუმცა საერთო ჯამში აქ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ.
– სამწუხაროდ უმაღლესი ლიგის თამაშებზე ბევრი მაყურებელი არ დადის. როგორ ფიქრობ, იმსახურებს თუ არა ჩვენი ჩემპიონატი მეტ გულშემატკივარს?
– ჩემი აზრით ყველაფერი თამაშის დონეზეა დამოკიდებული. თუ ფეხბურთის ხარისხი აიწევს, შესაბამისად გულშემატკივრების რაოდენობაც იმატებს სტადიონებზე.
– სეზონი დასასრულს უახლოვდება. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
– “სპარტაკთან” კონტრაქტი მიმათავრდება, თუმცა მის გახანგრძლივებაზე უკვე არის საუბრები. ძალიან მინდა საქართველოში დარჩენა და მოქალაქეობის მიღება. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ვფიქრობ. ვხვდები, რომ რთული ამოცანაა, პირველ რიგში ენობრივი ბარიერის გამო, ქართული ჯერ ცუდად ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა.
საუბრის ბოლოს ისიც გავიგეთ, რომ სოსლანი სპორტის გარდა მუსიკით არის გატაცებული და მეუღლესთან ერთად სიმღერაც კი აქვს ჩაწერილი.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები