სოსო ფრუიძე: “ასეთ გუნდებთან ათლეტიზმში ვაგებთ და ეს ხშირად გადამწყვეტია”
საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაზე “აბერდინის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
“ერთადერთი, რითაც შეგვეძლო ამ გუნდთან წარმატების მიღწევა, ეს იყო ის, რომ ბურთზე კონტროლი გვქონოდა და შეტევების მიმართულება გვეცვალა. ასევე, მცველების უკან პასები გაგვეკეთებინა, რაც რამდენჯერმე ვცადეთ. ცოტა გამართლებაც რომ ყოფილიყო, თამაში სხვა შედეგით დასრულდებოდა. ასეთ გუნდებთან ათლეტიზმში ვაგებთ და ეს ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია. მაღალ ბურთებზე ბრძოლამ, მათ თავდამსხმელებთან და სტანდარტულებზე მცველებთან თამაშმა დიდი ენერგია და ძალა წაიღო.
“აბერდინის” თამაშში ახალი არაფერი ყოფილა. ბოლო ორი მატჩი, რომელიც მათ ჩაატარეს, კარგად გვქონდა გაანალიზებული, მათი ყველა გადაცემა გათვლილი იყო. როცა ბურთი ძირს იდო, უკვე იმ მხარეს ვეწყობოდით, რადგან ვიცოდით, რის გაკეთებას აპირებდნენ. სახლში მეტოქე ბევრად მოტივირებული იქნება და ბევრად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, თუმცა ის ტაქტიკა, რაც მათ დღეს გამოიყენეს, მათ თამაშში ბოლომდე იქნება.
მეტოქის პენალტი? მსაჯმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მან ეს პენალტი დანიშნა, მაგრამ ვფიქრობ, ერგემლიძეზე უფრო მეტად იყო შეხება და თერთმეტმეტრიანის დანიშვნა აქაც შეიძლებოდა.
რატი არდაზიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, შოტლანდიაში მიგვყავს, სამი-ოთხი დღე ჩვენთან იქნება და დავაკვირდებით და თუ მზად იქნება, გამოვიყენებთ. მისი ყოფნა უფრო მეტ შემოქმედებითობას შეგვძენდა, მაგრამ…
არის თამაშები, სადაც მარკოზაშვილს ვიყენებთ და მისი თვისებები იქ საჭიროა, მაგრამ დღევანდელ მატჩში ჯობდა სხვა ფეხბურთელები გამოგვეყენებინა,” – განაცხადა სოსო ფრუიძემ.
“ჩიხურასა” და “აბერდინის” განმეორებითი დაპირისპირება 1 აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება.
ფოტო: საჩხერის “ჩიხურა”