სოსო ფრუიძე: “ჩვენი დევიზი – ყველაფერი არის შესაძლებელი!”
საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ “მარიბორთან” გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მოგება ორივე გუნდს შეეძლო. შესაძლოა, ტექნიკური არსენალი დიდი არ გვაქვს, მაგრამ “ჩიხურა” ბოლომდე იბრძვის და ფეხბურთელები წარმატების მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ.
გუშინვე ვთქვი, რომ მათი ორი ნახევარმცველი გამორჩეული იყო, ამიტომ მათ გასანეიტრალებლად ზემოთ უნდა გვეთამაშა. მეტოქე სივრცეებს კარგად იყენებს და რამდენიმეჯერ ეს უპირატესობა მათ გამოიყენეს და მომენტი შექმნეს. როცა ასეთ გამოცდილ გუნდს ეთამაშები, ის მომენტები, რომლებიც ჩვენ გვქონდა, უნდა გამოგვეყენებინა.
როცა შევიკრიბეთ და ჩემპიონატი დავიწყეთ, ყველა გვეუბნებოდა, რომ ამ გუნდით წარმატებას ვერ მივაღწევდით და გავვარდებოდით. ჩვენი დევიზი ასეთია, რომელიც საჩხერეში ჩვენს საცხოვრებელ ადგილას გამოკრული გვაქვს: “ყველაფერი არის შესაძლებელი!
ოსტატობა რაც გვაქვს, ეს გვაქვს. დაგვაკლდა ბოლო ნაბიჯი, რასაც გოლი ჰქვია. მეტოქესაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ გოლი დაგვაკლდა – მეტი არაფერი. თავს ზემოთ ვერ ავხტებით, ბიჭები იმას აკეთებენ, რაც შეუძლიათ. არ მქონდა იმის ილუზია, რომ “მარიბორს” გადავუვლიდით. გვქონდა მომენტები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა.
ვცდილობდით, რომ საჯარიმოსთან ახლოს არ დავჯარიმებულიყავით, რადგან მეტოქე ასეთ მომენტებს კარგად იყენებს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ საჯარიმოს დასარტყმელად ის მიდის, ვინც ჯარიმებს საერთოდ არ არსულებს. ერთ ეპიზოდში გათამაშება გვსურდა, მაგრამ ბუღრიძემ დაარტყა. თუმცა, ასეთები ხდება ხოლმე.
მე ფეხბურთელებს თავისუფლებას ვაძლევ. მინდა, რომ ფეხბურთელებმა პროფესიონალიზმი გამოიჩინონ და თამაშისათვის ისე მოემზადონ, როგორც საჭიროა. ფეხბურთელმა თავისი ორგანიზმი ყველაზე კარგად უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, მე მიმართულებას ვაძლევ, მაგრამ სხვა უკეთესად ვერ გასწავლის. მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ თამაში შეუძლიათ და საკუთარი ძალების უნდა ირწმუნონ.
დღევანდელი შემადგენლობა თქვენც ნახეთ. შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად შემტევი გუნდი გვყოლოდა. ლექვთაძემ ტრავმა მიიღო, რამდენად სერიოზულია, ხვალ გავიგებთ. “მარიბორს” ჩვენთან შეხვედრამდე ერთი თამაში აქვს, მათაც დავაკვირდებით. ჩვენ დიდი არჩევანი არ გვაქვს, გამოცდილი მოთამაშეების ნაკლებობას განვიცდით. ჩიხლაძე ეროვნულ ლიგაში შეცვლაზე როცა შემოგვყავს, თამაშს ამწვავებს, მაგრამ ევროპის ლიგის მატჩში ის საერთოდ დაიკარგა, ამიტომ არ მინდა, ამან მას ფსიქოლოგიური პრობლემა მიაყენოს.”