სოსო ფრუიძე: “ძალიან კარგია, თუ მეტოქე თავს ფავორიტად თვლის’
26 ივლისს, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სლოვენიურ “მარიბორს” დაუპირისპირდება.
“ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
“მარიბორის” რამდენიმე თამაში ვნახეთ და მათ ფეხბურთელებს დავაკვირდით. “ბეითარზე” უკეთესი გუნდია და ბევრად შინაარსიან ფეხბურთს თამაშობენ. გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ. ხვალ ვნახავთ, რას დავუპირისპირებთ მეტოქეს და გავიგებთ, რამდენად გამოდგება ჩვენი ტაქტიკა.
წინასწარ არ მინდა ვისაუბრებ იმაზე, დაცვით ფეხბურთს ვითამაშებთ, თუ – შემტევს. ხვალ ყველაფერი გამოჩნდება. ეიფორიაზე საუბარი ზედმეტია. პირველი ეტაპის გადალახვა დიდი წარმატება არ არის, ხალხი ცოტათი გავახარეთ. მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ, რამდენად შევასრულებთ ჩვენ დავალებებს და რამდენად ბრძოლისუნარიანები ვიქნებით. ძალიან კარგია, თუ მეტოქე თავს ფავორიტად თვლის.
“მარიბორს” თამაშის ორი მიმართულება აქვს – ფლანგებიდან და ცენტრიდან ნახევარმცველების ხარჯზე. “მარიბორი” მრავალფეროვანი გუნდია და საჯარიმოში ძალიან სახიფათოა.
პირველი ეტაპის გავლის შემდეგ გულშემატკივრები გახარებულები არიან. წინა წლების გამოცდილებიდანაც, შემიძლია, ვთქვა, რომ გულშემატკივრები მრავლად მოვლენ”, – განაცხადა სოსო ფრუიძემ.