სოსო ფრუიძე: “ღვინო თუ ვისკი – რომელი აჯობებს, ვნახოთ”
საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “აბერდინთან” გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე შოტლანდიაში პრესკონფერენცია გამართა.
“მოხარული ვარ, რომ შოტლანდიაში ვართ, ამ საფეხბურთო ქვეყანაში. ვართ კარგ საფეხბურთო ქალაქში. რაც შეეხება ტაქტიკას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს და ფიქრის პროცესში ვართ. გოლი გვაქვს გასატანი. შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა. ვიცით, რომ ძალიან კარგი და ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავს. ჩვენ შევეცდებით, ამ მოწინააღმდეგის ბარიერი დავძლიოთ.
“აბერდინი” კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენც გვაქვს რაღაც პლუსები. რამდენად გამოგვაყენებინებს ამ პლუსებს მოწინააღმდეგე, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ვიცით, რომ აბერდინში მაყურებელი ყოველთვის შეტევას და სწრაფ გოლს ითხოვს. მეც მგონია, რომ ზეწოლა “აბერდინზე” იქნება.
ყველა მწვრთნელს მომზადების თავისი სტილი აქვს. ზოგმა შეიძლება ვისკი მოსვას და გუნდი ასე მოამზადოს, ჩვენ კარგი შავი ღვინო გვაქვს და ამით ვართ განთქმულნი – რომელი აჯობებს, ხვალ ვნახოთ.
ევროპის ლიგაზე გარკვეული წარმატებები გვაქვს. “ბურსასპორი” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი იყო, რომელსაც მოვუგეთ. იყო “ბეითარი”, რომელთანაც წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, გრანდებში თუ შეიძლება ვთქვათ, მათ შორის “აბერდინი” შედის, ამ კლუბს საქართველოში დიდ პატივს ვცემთ თავისი ისტორიიდან გამომდინარე.
პირველ შეხვედრაში “აბერდინის” სუსტი მხარეების გამოყენებას შევეცადეთ. მეტოქეს ძლიერი და ათლეტური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც სტანდარტულებზე და მაღალ ბურთებზე კარგად თამაში შეუძლიათ. ჩვენი ძლიერი მხარე დაბლა თამაშია და თუ ეს გამოგვივა, წარმატებასაც მივაღწევთ”, – განაცხადა ფრუიძემ.
“აბერდინი” – “ჩიხურას” დაპირისპირება 1 აგვისტოს, 22:45 საათზე დაიწყება.