სოსო ფრუიძე: “ვეცდებით, “აბერდინის” ყოველი მინუსი გამოვიყენოთ”
25 ივლისს, თბილისის დროით 20:45 საათზე სტარტს აიღებს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საჩხერის “ჩიხურასა” და შოტლანდიურ “აბერდინს” შორის. მატჩამდე ერთი დღით ადრე “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სამსონ ფრუიძემ, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“უპირველესყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ “აბერდინი” დიდი ტრადიციების მატარებელი კლუბია. ჩემთვის შოტლანდია საფეხბურთო ქვეყანაა და დიდი პატივია, ასეთი ისტორიის მქონე ქვეყნის წარმომადგენელთან დაპირისპირება.
დაგეთანხმებით იმაში, რომ “აბერდინი” საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ისინი შოტლანდიურ ფეხბურთს თამაშობენ, ცდილობენ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიტანონ და შემდეგ სახიფათო შეტევები აწარმოონ.მეტოქე გუნდის შემადგენლობიდან გამოვყოფდი მათ ცენტრფორვარდებსა და ნახევარმცველ ალექს ფერგიუსონს. მათგან საკმაოდ დიდი ხიფათია მოსალოდნელი.
ვაღიარებთ, რომ ჩვენ წყვილში ფავორიტი “აბერდინია”. თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჭკვიანური თამაშის ხარჯზე, მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. წინ დიდი ბრძოლა გველის.
არ დაგიმალავთ, რომ ხვალინდელ მატჩში ყველაზე მეტად სტანდარტულ მდგომარეობებს ვუფრთხით. “აბერდინი” ძლიერი გუნდია, თუმცა მინუსები მათაც აქვთ. ჩვენ ვეცდებით, რომ მათი ყოველი მინუსი გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ტრავმებს, ხვალინდელ შეხვედრაში დაზიანების გამო თამაშს ვერ შეძლებს არდაზიშვილი. სხვა მხრივ გუნდში კარგი მდგომარეობაა,” – ვციტირებთ სოსო ფრუიძის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ჩიხურამ” ორმატჩიან დუელში ლუქსემბურგული “ფოლას” დამარცხება შეძლო (4:2). ასეთივე ანგარიშით დაამარცხა “აბერდინმა” ფინური “როვანიემი”. ამ წყვილის გამარჯვებულს მომდევნო ეტაპზე ხორვატული “რიეკა” დაუპირისპირდება.