სოსო ფრუიძე: “ბიჭებს ვუთხარი, რომ სტადიონზე მოსული ხალხისთვის უნდა გვეთამაშა”
“ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის გამართული ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის (2:3) შემდეგ შეხვედრა საჩხერული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ შეაფასა.
სოსო ფრუიძე: “მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვამბობდი, რომ გაშვებული გოლი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა კონცენტრაციის დაკარგვა, რაც შედეგზეც აისახა. მოედნის ცენტრში შემტევი ფეხბურთელები გვყავდა და გადაადგილებას აზრი აღარ ჰქონდა.
პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ სტადიონზე მოსული ხალხისთვის უნდა გვეთამაშა და შედეგი მეორეხარისხოვანი იყო. ფეხბურთელებმა თავი დადეს და ბოლომდე ითამაშეს. ფაქტია, რომ “ნეფთჩის” შეტევაში საკმაოდ კარგი შემსრულებლები ჰყავს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ტაქტიკა თავიდანვე სწორად იყო შერჩეული და პირველივე წუთებიდან შეტევაზე არ უნდა გვეფიქრა.
“ჩიხურას” გაბედავა და დათუნაიშვილი ტოვებენ, რომლებიც კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებენ. დანარჩენი ფეხბურთელები ჯერჯერობით გუნდში არიან, სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, მათ შესანარჩუნებლად საკმარისი თანხები არ გვაქვს”.