სოსო ფრუიძე: “სოფლის გუნდი გვიწოდეს?”
უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ დღეს იღბალი მათ მხარეს იყო.
“კარგი თამაში გამოვიდა, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ვიცოდით, რომ “ნეფთჩი” ძლიერი გუნდია. მეტოქეს პატივს ვცემთ. მოწინააღმდეგე გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. იღბალი ჩვენ მხარეს იყო. განმეორებითი მატჩისთვის უფრო საფუძვლიანად მოვემზადებით.
სოფლის გუნდი გვიწოდეს? ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ამ განცხადებას ვუპასუხო”, – ციტირებს ფრუიძის სიტყვებს azerisport-ი.
მატჩს “ჩიხურას” ქომაგებიც დაესწრნენ, რომელთაც სოსო ფრუიძემ მადლობა გადაუხადა:
“მადლობას ვუხდი საქართველოდან ჩამოსულ გულშემატკივრებს. ისინი გულმხურვალედ გვქომაგობდნენ. ამავე დროს, მოხარული ვარ, რომ “ნეფთჩის” ასეთი ქომაგები ვიხილე.
განმეორებით მატჩიც ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ არ ვართ “ნეფთჩის” კალიბრის გუნდი და ეს კარგად გვესმის”, – განაცხადა ფრუიძემ.
“ჩიხურას” თავკაცმა მატჩის მიმდინარეობისაას მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. როგორც azerisport-ი იუწყება, სტადიონზე დამსწრე “ჩიხურას” გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზედაც ქალაქები კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი.
“ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა. ისინი არ იყვნენ “ჩიხურას” ნამდვილი გულშემატკივრები”, – აღნიშნა სოსო ფრუიძემ.
მისივე თქმით, “ჩიხურა” განმეორებით შეხვედრაში უფრო ლაღად ითამაშებს:
“ვეცდებით, უფრო გახსნილი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე “ბურსასპორთან” მოხდა. საშინაო მატჩში უფრო მეტად შევუტევთ”.
შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე, 21:00 საათზე დაიწყება.