სპალეტი: “ხვიჩა დიდებული პროფესიონალი და კარგი ბიჭია”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ “მონცასთან” მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ნეაპოლელებმა “მონცას” საკუთარ მოედანზე 4:0 სძლიეს, ქართველმა გარემარბმა კი ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
“ხვიჩა მაღალი დონის მოთამაშე, დიდებული პროფესიონალი და კარგი ბიჭია. კვარაცხელია ერთი-ერთზე ძალიან კარგია. როცა კარს ხედავს, შეუძლია ორივე ფეხით დაარტყას. მიუხედავად ამისა, მას კიდევ აქვს სამუშაო. დღეს, პირველ 10 წუთში ჩანდა, რომ ნერვიულობდა. ის წნეხს გრძნობს და საჭიროა ამისგან გათავისუფლდეს. მან იცის, რომ “ნაპოლის” ფანები უნდა გაახაროს. ხვიჩამ ორივე მატჩში შეძლო გოლების გატანა, რაც ძალიან კარგია”, – განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ სერია A-ს პირველ ორ ტურში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.